საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 12:00-ზე, საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
სავარაუდოდ, პრემიერმინისტრის ბრიფინგი მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიას ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხება, რომელიც გუშინ უკრაინულ საიტზე გავრცელდა. ამასთან დაკავშირებით, დღეს, 13:00-ზე, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დაკითხვაზე დაიბარა გიგა ბოკერია.
გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით აგრძელებს. გამოძიება სუს-მა რუსულ სერვერებზე ატვირთული უკრაინული ბლოგის საფუძველზე 24 ოქტომბერს დაიწყო. სსკ-ის 315-ე მუხლი ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
"როგორც ცნობილია, გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უკვე გატარებულია უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები შესაძლო დანაშაულის პრევენციის მიზნით. ასევე მოხდება ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა საჭირო პირი, როგორც აღნიშნული ჩანაწერების, ისე ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით", - თქვა დღევანდელ ბრიფინგზე ლევან იზორიამ და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა დახმარების მიღების მიზნით უკრაინის შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.





