საერთაშორისო პარტნიორები

ქართული ოცნება ევროპის სახალხო პარტიას: ნუ ერევით სასამართლოს საქმიანობაში

კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატებმა ევროპის სახალხო პარტიას (EPP) წერილით მიმართეს. განცხადების ავტორები ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ევროპის სახალხო პარტიისგან მოითხოვენ, თავი შეიკავოს საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევისაგან და საკუთარ განცხადებებში ისაუბროს იმ დიდ პროგრესზე, რასაც ქვეყანამ სამი წლის განმავლობაში მიაღწია. წერილი დღეს "საქართველოს დიპლომატთა კლუბმა" გაავრცელა.

"ჩვენ ვართ შოკირებული და დამწუხრებული ევროპის სახალხო პარტიის განცხადებებისა და რეზოლუციების გამო საქართველოში მედიის თავისუფლებასთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ არის დეზინფორმაცია, უსამართლო, მიკერძოებული და საქართველოსა და ევროკავშირის ინტერესების დამაზიანებელი.

ვითვალისწინებთ რა ევროპის სახალხო პარტიის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ "ოჯახურ ურთიერთობას", კოალიცია ქართული ოცნება კატეგორიულად არ ეთანხმება სახალხო პარტიის განცხადებებს და მოუწოდებს მას, ყურადღება გაამახვილოს იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რასაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიული რეფორმების კუთხით და გამოხატოს ეს რეალობა მის განცხადებებში. ასევე მოვუწოდებთ, ჩვენს ყველა ევროპელ პარტნიორს, თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რაც შეიძლება, აღიქმებოდეს პოლიტიზირებულად ან ჩარევად დამოუკიდებელი სასამართლოს განსახილველ საქმეებში, მათ შორის, რუსთავი 2-ის საკუთრების დავასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც სახალხო პარტიის მიერ მხარდაჭერილი ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში დამარცხდა და ქართულმა ოცნებამ 2012 წელს ხელისუფლება ჩამოაყალიბა, საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა. მიაღწია პროგრესს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებებთან მიმართებაში. მოახდინა მთელი მმართველობის სისტემის რეფორმა. მიაღწია საერთაშორისო სტანდარტებს ადამიანის უფლებების, მათ შორის, მედიის და გამოხატვის თავისუფლების საკითხებში, ასევე ხელისუფლების გამჭირვალობის, კორუფციისგან გათავისუფლების და კარგი მმართველობის თვალსაზრისით. პოლიტიკური პლურალიზმი გაიზარდა და პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა. ჩვენმა რეფორმებმა ფართო აღიარება მოიპოვა, მათ შორის, ევროკავშირის მიერ. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ საქართველო მიდის სწორი მიმართულებით", - წერია წერილში.

როგორც ქართული ოცნების დეპუტატები წერილში აღნიშნავენ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, კოალიციის ხელისუფლებამ უარი თქვა, ჩარეულიყო რუსთავი 2-ის დავის საქმეში. "მაშინ, როდესაც ტელეკომპანიამ ნაციონალური მმართველობისას 20-ჯერ შეიცვალა მფლობელი, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი დამოუკიდებელმა სასამართლომ პოლიტიკური ჩარევის გარეშე უნდა გადაწყვიტოს. 

მზად ვართ, ვიმუშავოთ სახალხო პარტიასთან, რათა მივაღწიოთ მიზანს - დემოკრატიული, ძლიერი და უსაფრთხო საქართველო ევროპის სანდო პარტნიორი გახდეს. იმედი გვაქვს, სახალხო პარტია ამიერიდან მის განცხადებებში ობიექტურ რეალობაზე ისაუბრებს, იმ დიდი პროგრესის გათვალისწინებით, რასაც ქვეყანამ ბოლო 3 წლის მანძილზე მიაღწია. გვჯერა, რომ პარტია ამიერიდან თავს შეიკავებს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმეში პოლიტიკური ჩარევისგან", - წერია სახალხო პარტიის მისამართით გაგზავნილ წერილში.

კომენტარები