NATO-საქართველო

აპატურაი: მედიის თავისუფლება ფუნდამენტური პრინციპია

NATO

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა. განხილვის მთავარ თემას NATO-ს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები და ვარშავის სამიტზე მისი მოლოდინები წარმოადგენდა. აპატურაიმ კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ალიანსის წარმომადგენელმა მსოფლიო უსაფრთხოებაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მიერ შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმირების წარმატებულ პროცესს გაუსვა ხაზი. შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა და NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მედიისთვის ბრიფინგი გამართეს. ჯეიმს აპატურაიმ განსაკუთრებული ყურადღება მედიის თავისუფლებაზე და მედიაპლურალიზმზე გაამახვილა.

"რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, NATO, რა თქმა უნდა, მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან და აფასებს მათ პროგრესს სხვადასხვა სფეროში. ერთი, ეს არის სამხედრო რეფორმები, მეორე კი, დემოკრატიული და პოლიტიკური რეფორმები. ეს ყველაფერი უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის, რომლებიც NATO-ს წევრობისთვის იღვწიან. მედიის თავისუფლება, რა თქმა უნდა, ფუნდამენტური პრინციპია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან ერთად. ასევე, ორმხრივი პოლიტიკური გარემო, რომელშიც ხელისუფლება, მისი ყველა შტო და ოპოზიცია ერთად მუშაობენ. ჩვენ ვიზიარებთ ამ პრინციპებს და დარწმუნებული ვარ, ისინი მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც", - თქვა აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაი შიდა ქართლსაც ესტუმრა, სადაც გორში NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ახალი რეგიონული ოფისი გახსნა.  

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში NATO-ს კვირეულის ფარგლებში იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო თავდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმში, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდისა და სლოვაკური ორგანიზაციის - ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის ორგანიზებით, ერთობლივ ფორმატში, პირველად იმართება.

დღესვე აპატურაი პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტთან გამართავს შეხვედრას.

კომენტარები