თბილისში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

Hualing Tbilisi
პრემიერმინისტრის პრესსამსახური

თბილისში ხუთვარსკვალვიანი სასტუმრო Hualing Tbilisi გაიხსნა, რომელიც Hotels & Preference-ის პირველი წარმომადგენლობაა საქართველოში. პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობა 2013 წელს დაიწყო, პროექტის საერთო მოცულობაა 73 მილიონი აშშ დოლარი და ამ ეტაპზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი. Hualing Tbilisi თბილისის ზღვასთან მდებარეობს და აქვს 246 ნომერი, რეკრეაციული ცენტრი შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით, ასევე 800 მ2 ფართის საკონფერენციო დარბაზი.

სასტუმროს გახსნის ცერემონიალი დღეს გაიმართა და მასში საქართველოს პრემიერმინისტრმაც მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია ჰუალინგ ჯგუფს პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა და საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დასრულდა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ჩინურმა კომპანიამ, ჰუალინგ ჯგუფმა ჩვენს ქვეყანაში განახორციელა. კომპანია ჰუალინგი ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს საქართველოში, 500 მილიონი დოლარის ინვესტიციებს დებს ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა აღვნიშნო მათი ყველაზე მასშტაბური დეველოპერული პროექტი - თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით. სწორედ ამ ტერიტორიაზე გაშენებულმა ოლიმპიურმა სოფელმა უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაიმართა. მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჰუალინგმა დათქმულ ვადებში, წარმატებით განახორციელა ეს პროექტი. ჰუალინგ ჯგუფს ეკუთვნის აგრეთვე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანისავაჭრო კომპლექსი - თბილისის ზღვის პლაზა“– განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, "ჰუალინგი"ახორციელებს პროექტებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ქუთაისში, სადაც არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და უკვე ათამდე საწარმო ფუნქციონირებს.

კომენტარები