გიორგი გვიმრაძე

დანელია გვიმრაძეზე: დაინიშნა ის, რომლის შესახებაც მედიის წრეებში არაფერი იციან

tabula.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანლის თანამდებობაზე გიორგი გვიმრაძის დანიშვნა გადაცემა თეორემაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნინო დანელიამ შეაფასა. დანელიას თქმით, გვიმრაძეს მედიაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს და უკონკურსოდ მისი თანამდებობაზე დანიშვნა კითხვებს ბადებს. 

"ადამიანი, რომელსაც არავითარი გამოცდილება არ აქვს მედიაში მუშაობის, საიდან შეიძლება უცბად აღმოჩნდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიის დამწერთა შორის? ეს კი ხდებოდეს უკონკურსოდ და საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი რა კრიტერიუმებით მოხდა ამ ადამიანების შერჩევა. ასევე სრულიად კონკურსის გარეშე ინიშნება საზოგადოებრივ მაუწყებელში საინფორმაციოს უფროსად. ცხადია, როდესაც არის ძალიან დიდი ინტერესი ამ ტელემაუწყებლობის მიმართ, როდესაც ამდენი პროცესი უძღოდა წინ სწორედ იმას, რომ შინაარსი უნდა ყოფილიყო სხვანაირი, შეცვლილი, უკეთესი, ხარისხობრივად უფრო მეტად პოლიტიკურად დამოუკიდებელი და ა.შ. ამ ვითარებაში უცბად ინიშნება ადამიანი, რომლის შესახებ მედიის წრეებში არაფერი არ არის ცნობილი, ინიშნება კონკურს გარეშე" - აღნიშნა დანელიამ.

მისივე თქმით, Google-ის საძიებო სისტემაში არსებობს ბმულები, რომლებშიც ჩანს, რომ გვიმრაძე ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებულ კონფერენციებში მონაწილეობს. დანელიას განმარტებით, გვიმრაძე მსგავს კონფერენციებში არ მონაწილეობს როგორც ევრაზიული კავშირის საკითხებით დაინტერესებული მეცნიერი, არამედ საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების თაობაზე პოზიციას გამოხატავს.

"ეს არ არის რომელიმე საგარეო კურსთან დაკავშირებული კონფერენციები, ეს არის სწორედ ის კონფერენციები, სადაც განიხილება მონაწილე ქვეყნების პოტენციურად ევრაზიულ კავშირში რამდენად კარგია გაწევრიანება, რას მოუტანს და ა.შ. როგორც წესი ამ ბმულებს ახლავს თან მისი ინტერვიუები ან ამონარიდები მისი ინტერვიუებიდან, სადაც ის ცალსახად საუბრობს იმაზე, რომ სამწუხაროდ, საქართველოში დაიკარგა რუსეთის პოლიტიკური გავლენა, სამწუხაროდ, ნაკლებმა ადამიანმა იცის რუსული და საჭიროა ფიქრი, როგორ შეიძლება შემოვატრიალოთ ვითარება ისე, რომ დავუბრუნდეთ რუსეთის კულტურულ სივრცეს," - განმარტა დანელია.

კომენტარები