ლობისტური ხარჯები

IDFI: აშშ-ში ლობისტებზე ბიუჯეტმა 9 მლნ-ზე, ივანიშვილმა 5 მლნ-ზე მეტი დახარჯა

IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, 2008-2015 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე სულ დაიხარჯა 9 585 115 აშშ დოლარი, ხოლო სხვადასხვა კერძო პირებმა და პარტიებმა იმავე პერიოდში დახარჯეს 5 270 490 აშშ დოლარი, აქედან ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა - 5 222 490 აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილმა ლობისტური საქმიანობა დაიწყო მხოლოდ 2011 წლის ბოლოდან (როდესაც პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა) და შეწყვიტა 2012 წელს. IDFI ამ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.fara.gov განთავსებულია როგორც აშშ-ის კონგრესისთვის წარდგენილი 6-თვიანი ანგარიშები, ისე ლობისტური კომპანიების საქმიანობის დოკუმენტაციის მონაცემთა ბაზა

ღია წყაროების საფუძველზე IDFI-მ დეტალურად შეისწავლა საქართველოს ლობისტური საქმიანობა აშშ-ში 2008 წლიდან დღემდე. ამ პერიოდში საქართველოდან სულ 9 დაწესებულება/პირი იღებდა აშშ-ში ლობისტური კომპანიების მომსახურებას: საქართველოს მთავრობა; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო; საქართველოს პრემიერმინისტრის აპარატი; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება და თავისუფალი დემოკრატები; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფი;

"როგორც აშშ-ის კონგრესისთვის წარდგენილი ანგარიშებიდან ირკვევა, 2008-2015 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე სულ დაიხარჯა 9,585,115.04 აშშ დოლარი, ხოლო სხვადასხვა კერძო პირებმა და პარტიებმა იმავე პერიოდში დახარჯეს 5 270 490 აშშ დოლარი. ჯამურად, წლის მანძილზე ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა, 7.2 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა 2012 წელს. აღნიშნული მეტწილად განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ საქართველოში ამ პერიოდში საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობდა და სახელმწიფო უწყებებთან ერთად ლობისტური საქმიანობის დაფინანსებაზე ხარჯები გაწია ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ჯგუფმა. ამ წლების განმავლობაში გამოიკვეთა სამი ყველაზე მსხვილი აქტორი, ვინც აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა: საქართველოს მთავრობა, ეროვნული უშიშროების საბჭო და ბიძინა ივანიშვილი, რომლებზეც ჯამურად მოდის 2008-2015 წლებში გადახდილი მთლიანი თანხის 98%, ანუ 14,6 მლნ აშშ დოლარი", - წერს IDFI კვლევაში და აღნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა 2008 წლიდან დღემდე გადახდილი აქვს ბიძინა ივანიშვილს.

"თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა ლობისტური საქმიანობა დაიწყო მხოლოდ 2011 წლის ბოლოდან (როდესაც პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა) და შეწყვიტა 2012 წელს. რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრების მიმართვას ლობისტურ საქმიანობაზე, მოცემული წლების განმავლობაში ჯამურად ყველაზე დიდი თანხა 6,6 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა ეროვნული უშიშროების საბჭომ. ზემოთ მოცემული სამი მსხვილი მოთამაშის გარდა, დარჩენილი 1,8 მლნ აშშ დოლარი ამ წლების განმავლობაში ექვს მოთამაშეზე ნაწილდება (პრემიერმინისტრის აპარატი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სალომე ზურაბიშვილი)", - ნათქვამია IDFI-ის კვლევაში.

ანგარიშის თანახმად, პრემიერმინისტრის აპარატის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში ლობისტური კომპანიების ძირითადი საქმიანობები მოიცავდა საქართველოს ოფიციალური პირების შეხვედრების ორგანიზებას, საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, აშშ-ის მედიასთან ურთიერთობას, საქართველოს თავდაცვითი და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ დისკუსიების ორგანიზებას და ა.შ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემთხვევაში 2011-2012 წლებში ლობისტური კომპანიისთვის გადარიცხული თანხები ძირითადად მოხმარდა პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” („Teach and Learn with Georgia“) შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წელს გადაიხადა 20,000 აშშ დოლარი, ხოლო 2012 წელს - 50,041.7 აშშ დოლარი, სულ - 70,041.70 აშშ დოლარი.

IDFI-ის ცნობით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ლობისტური კომპანია ეხმარებოდა პარტიის მოსაზრებების, მიზნების, პოზიციებისა და პროგრამების აშშ-ის ისეთ აუდიტორიამდე მიწოდებაში, როგორიცაა კონგრესის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 2014 წელს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აშშ-ში განხორციელებულ ლობისტური საქმიანობაზე გაწია 42,000 აშშ დოლარის ხარჯი.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი ლობისტური საქმიანობა დაახლოებით 10 დღეს მოიცავდა 2013 წლის აგვისტოს ბოლოდან. სწორედ ამ პერიოდში სალომე ზურაბიშვილი აპირებდა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ორმაგი მოქალაქეობის გამო 2013 წლის სექტემბრის დასაწყისში ცესკო-მ მისი კანდიდატურის დარეგისტრირებაზე უარი განაცხადა და ამავდროულად შეწყდა მისი აშშ-ში ლობისტური საქმიანობაც. IDFI-ის კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა ლობისტურ საქმიანობაზე 2013 წლის აგვისტოდან სექტემბრის დასაწყისამდე გაწია 6 000 აშშ დოლარის ხარჯი.

"განსაკუთრებით საინტერესოა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხების შედარება 2012 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. როგორც ხელმისაწვდომი მონაცემებიდან ირკვევა, 2012 წლის არჩევნებამდე 2,73-ჯერ მეტი საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე, ვიდრე არჩევნების შემდეგ. ასევე საინტერესოა, რომ ხელისუფლების შეცვლამდე ლობისტურ საქმიანობაში ჩართული იყო გაცილებით მეტი სახელმწიფო სტრუქტურა - საქართველოს მთავრობის გარდა, ლობისტურ კომპანიებს თანხებს ურიცხავდნენ ეროვნული უშიშროების საბჭო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრემიერმინისტრის აპარატი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო. ხოლო არჩევნების შემდეგ, ლობისტურ საქმიანობაზე მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს გადარიცხული თანხები. როგორც FARA-ს მონაცემებით ირკვევა, აშშ-ში ლობისტური საქმიანობით სარგებლობდნენ ასევე სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობები. ხელშეკრულებების გაცნობის შედეგად ცხადი ხდება, რომ სეპარატისტული რეჟიმების ლობისტური კამპანიები მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ. სულ 2009-2011 წლებში გაწეული ლობისტური მომსახურებისთვის აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას გადახდილი აქვს 430,000 აშშ დოლარი, ხოლო სამხრეთ ოსეთს იმავე პერიოდში - 457,850 აშშ დოლარი", - ნათქვამია კვლევაში.

კომენტარები