ვლადიმირ პუტინი

პუტინის აღზევება

პუტინთან საქმის დაჭერისას ყველაზე დიდი შეცდომა იქნება ჩავთვალოთ, რომ ის ჩვენსავით ფიქრობს.

გარედან თუ შევხედავთ, რუსეთი ამჟამად საშინელ მდგომარეობაშია და ამაში რუსეთის პრეზიდენტია დამნაშავე. მან ვერ შეძლო ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებული ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სახელმწიფოს მოდერნიზაცია, ან ქვეყნის გარე სამყაროსთან ინტეგრაცია. მან დაიწყო ძვირადღირებული და წარუმატებელი ომი უკრაინაში, რამაც რუსეთის ყველაზე მეგობრული მეზობელი დაჭრილ და გაბოროტებულ მტრად აქცია. ის ახლა ახალ სამხედრო ავანტიურას იწყებს სირიაში, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთ ურთიერთობებს ძირფესვიანად გაყინავს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სუნიტი მუსლიმების რისხვას გამოიწვევს.

პატიოსნებისა და თვით შერაცხადობის კუთხით მისი პერსონალური რეპუტაცია განადგურებულია. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, რომ პუტინი სხვა სამყაროში ცხოვრობს. საერთაშორისო შეკრებებზე მისი დიპლომატიური იზოლაცია თვალშისაცემია. მისი პიროვნების კულტით ოფიციალურ მედიაში გამოწვეული ხბოს აღტყინების შემხედვარე რუსებიც კი პრივატულ გარემოში თვალებს ატრიალებენ. ამავდროულად, ევროკავშირმა ბობოქარ გაზპრომს კისერი მოუღრიცა, სანქციები მტკივნეული აღმოჩნდა, ნავთობის დაბალმა ფასმა თავისი ქნა, ფრონტისპირა ქვეყნებში კი NATO სამხედრო პოტენციალს აძლიერებს კრემლის იარაღის ჟღარუნის პასუხად.

მოკლედ, დრო ჩვენს მხარესაა. ადრე თუ გვიან ის ან ჩამოვარდება ან იძულებული იქნება, კურსი შეცვალოს. ამის შემდეგ რუსეთი გახდება ქვეყანა, რომელთანაც თანამშრომლობა შეგვეძლება. ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული მოთმინება და გარკვეული დოზით შეკავების პოლიტიკა, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს. თუ ის მართლა ცუდად მოიქცევა, ჩვენ მას SWIFT-ის საერთაშორისო საფინანსო-ტრანზაქციების სისტემიდან გამოვრთავთ, რაც რუსეთის ეკონომიკის სრულ პარალიზებას გამოიწვევს.

ეს ყველაფერი კი სიმართლეა, მაგრამ რეალური სურათი განსხვავებულია. ბატონი პუტინი ხელმძღვანელობს არა დასავლური სტანდარტებით, არამედ მისი ალმა მატერის - კაგებესი. მისი ერთადერთი წესია, იპოვოს სხვების სისუსტეები, გამოიყენოს თავის სასარგებლოდ და ამის საფუძველზე გაზარდოს საკუთარი ძალა. წარუმატებლობა შეიძლება სხვას გადააბრალო, ან აიტანო ან მარტივად უგულებელყო. რეალობა არის ის, რასაც ქმნი სხვა ადამიანების გონებაში დაშინებითა და სიცრუით.

მისი უპირველესი სამიზნე ყოველთვის რუსული საზოგადოებრივი აზრია. საპნის ოპერა უკრაინაში დასრულდა, სულ მცირე - მიმდინარე სეზონში. გმირი სეპარატისტები, მათი ბოროტი ფაშისტი მტრები და ცინიკოსი დასავლელი სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფები დათხოვნილები არიან. რუსეთს ახალი ამაღელვებელი გასართობი აქვს - ეგზოტიკური და ეპიკური დადგმა სირიაში, სადაც ასადის რეჟიმი ცივილიზებული ღირებულებების გმირი დამცველების როლში გვევლინება, რუსეთი მისი მამაცი მოკავშირეა, ხოლო დასავლეთი კი ბარბაროსი ჯიჰადისტების დამცველი. ყველაზე მნიშვნელოვანია კონფლიქტის დაყვანა ასადის რეჟიმსა და ისლამურ სახელმწიფოს შორის ბინარულ არჩევანამდე, სადაც უკვე დასავლეთი იძულებული გახდება რუსეთის მოკავშირე იყოს.

პუტინის მეორე სამიზნე არის დასავლეთი. მას არ სურს დასავლეთის დანგრევა, რადგან მისი ფული სწორედ იქ ინახება. მას არც ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია ძალუძს. მაგრამ მას შეუძლია დაგვყოს, ჩვენი მანიპულირება მოახდინოს და ეშმაკობაში გვაჯობოს. ის ჩვენზე უკეთ ხედავს წყალგამყოფ საკითხებს როგორც ქვეყნებს შორის, ისე მათ შიგნით. ჩვენ კი გვგონია, რომ ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემები ფუნდამენტურად სტაბილურია და მიუხედავად პრობლემებისა, ისევე როგორც სხვა დროს, ამ შემთხვევაშიც გამოვძვრებით. ის კი ფიქრობს, რომ დასავლეთის ზეობის დრო დასრულდა და ახლა დრო მის მხარესაა.

დასავლეთის ნაბიჯებს შეუძლია რუსეთს ნამდვილი პრობლემები შეუქმნას: მაგალითად, რუსული ელიტისთვის, მათი მეუღლეების, და-ძმების, მშობლებისა და შვილებისთვის ვიზების ფართომასშტაბიანი წართმევა. ანგარიშების გაყინვა და ფულის გათეთრების საქმეების გამოძიება კიდევ უფრო მეტად დააზიანებს მათ. განსაკუთრებით, თუ შესაბამისი ბანკირების, იურისტების და ბუღალტრების გადმობირება მოხდება და ისინი გაამჟღავნებენ, თუ სად და როგორ დამალეს ფული.

მაგრამ პუტინმა იცის, რომ დასავლეთი ამას არ იზამს. ის ფიქრობს, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ არა პრინციპებით, არამედ ანგარებით. შესაძლოა, მართალიც არის.

ედვარდ ლუკასი წერს ეკონომისტისთვის და არის ვარშავასა და ვაშინგტონში მდებარე ანალიტიკური ორგანიზაციის, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი ვიცეპრეზიდენტი.

კომენტარები