საგზაო უსაფრთხოება

საქართველოს გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპის საშუალოს ორჯერ აღემატება

villagetattler.com

საქართველოში გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. 2014 წელს ავარიების შედეგად 180 ადამიანი დაიღუპა, 2015 წლის იანვარ-ივნისში კი დაღუპულთა რაოდენობამ 284-ს გადააჭარბა. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით მთავრობამ მსოფლიო ბანკთან, საერთაშორისო კონსულტანტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საგზაო უსაფრთხოების ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. მსოფლიო ბანკის კალკულაციით საგზაო შემთხვევების ზარალის გამოსწორებაზე ქვეყნის მშპ-ის 1% იხარჯება. 

სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, შინაგან საქმეთა, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებით, წარმოდგენილი გეგმა კიდევ მნიშვნელოვან დახვეწას საჭიროებს. გეგმის მიხედვით საუბარია ახალი სტრუქტურის შემუშავებაზე, რომელიც არსებულ ვითარებას გააკონტროლებს, თუმცა ჯავახიშვილი ამბობს, რომ ახალი უწყებების შექმნა საჭირო არ არის, რადგანაც არსებული უწყებების ეფექტიანობის გაზრდა უფრო მნიშვნელოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, საგზაო შემთხვევების რაოდენობა 2011 წლიდან მზარდია და ყოველწლიურად 2 ათასს აღემატება, დაშავებულთა ყოველწლიური რაოდენობა კი 3 ათასს აჭარბებს. საგზაო შემთხვევების დაახლოებით ნახევარი თბილისში ხდება. 


ფოტო: police.ge

საგზაო უსაფრთხოება მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

  • გზების ხარისხის გაუმჯობესება
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის კონტროლი
  • მოძრაობის წესების დარღვევის წინააღმდეგ არსებული პოლიტიკა
  • საგზაო მეთვალყურეობის სისტემის გაუმჯობესება
  • სამედიცინო დახმარების ჯგუფების მობილურობის გაზრდა
  • ავტოპარკის ხარისხი
  • სარისკო მონაკვეთების გამოკვეთა 

საგზაო უსაფრთხოების კონსულტანტის და გეგმის თანაავტორის ჯინ ბრისის თქმით, საქართველოში არსებობს ისეთი პრობლემები, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში მართვა, საჭესთან ტელეფონზე საუბარი. ასავე პრობლემას წარმოადგენს მაღალი რისკების გზების გამოკვეთა და იქ კონტროლის გაძლიერება. ბრისის თქმით, იმისთვის, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები უფრო კოორდინირებული იყოს, საჭიროა ახალი უწყების შექმნა, რომელიც ყველა სამთავრობო უწყებას უხელმძღვანელებს და უწყებათაშორის კოორდინაციას უფრო ეფექტურს გახდის. 

კომენტარები