ამერიკა ავღანეთში

ამერიკელ სამხედროებს უბრძანეს, ავღანეთში ბიჭების გაუპატიურებაზე თვალი დახუჭონ

U.S. Soldier Stock Photography

თალიბანის მებრძოლებმა გუშინ ავღანეთის ქალაქი კუნდუზი აიღეს. ეს ერთ-ერთი ქალაქია, რომელშიც ბაჩა ბაზი (სიტყვასიტყვით ”ბიჭებით თამაში”) გავრცელებული პრაქტიკაა. სწორედ ამას უკავშირდება რამდენიმე დღის წინ გავრცელებული The New York Times-ის სტატია, რამაც პენტაგონი სკანდალში გახვია. სტატიაში მოთხრობილია, რომ ავღანეთში მყოფ ამერიკელ სამხედროებს უბრძანეს, ავღანელი ძალოვნების მიერ ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაზე რეაგირებისგან თავი შეეკავებინათ. მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ ამგვარი ფაქტები ავღანური ძირძველი კულტურის ნაწილია და მას პატივი უნდა სცენ.

სტატიაში ერთ-ერთი დაღუპული სამხედროს მამა გრეგორი ბაკლი იმ სატელეფონო საუბარს იხსენებს, როდესაც შვილი ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაზე უყვებოდა. “შვილმა მითხრა, “ღამით ჩვენ ვიგებთ ყვირილს, მაგრამ არ გვაქვს უფლება, რაიმე მოვიმოქმედოთ“. მე მოვუწოდე, ზემდგომები გაეფრთხილებინა. მან მითხრა, რომ მისმა უფროსებმა გააფრთხილეს, ამგვარი ფაქტებისთვის ყურადღება არ მიექცია, რადგან ეს ავღანელების კულტურის შემადგენელი ნაწილია“.

იმ ამერიკელ სამხედროებს კი, რომლებიც გაუპატიურების მსხვერპლ ბიჭებს ესარჩლებიან, მძიმე ფასის გადახდა უწევთ, რადგან ხელმძღვანელობა მათგან ავღანური კულტურისა და ადათების პატივისცემას ითხოვს - პირველი კლასის სერჟანტი ჩარლზ მერტლენდი მას შემდეგ დაითხოვეს, რაც ფიზიკურად დაუპირისპირდა ავღანელ პოლიციის მეთაურს, რომელსაც ბრალს სდებდნენ ადგილობრივი ბიჭის გატაცებაში, დაბმაში, გაუპატიურებასა და დედამისის ცემაში. კიდევ ერთ სამხედროს კი, რომელიც მერტლენდს დაეხმარა, საყვედური გამოუცხადეს და მან დატოვა არმია.

ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ პენტაგონს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს იმ სამხედროების დასჯა, რომლებიც ცდილობენ ავღანეთში ბავშვებზე სექსუალური ძალადობა შეაჩერონ. კონგრესმენების განცხადებით, ბავშვებზე ძალადობა ბარბაროსული და სასტიკი საქციელია, მაგრამ პენტაგონის ბრძანება ამერიკელი სამხედროების მიერ ძალადობრივ ფაქტებზე “თვალის დახუჭვის” შესახებ, უარესი.

კითხვაზე, რა ნაბიჯები გადადგა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ “არ იცის”.

აღსანიშნავია, რომ თეთრმა სახლმა ნიგერიაში ბოკო ჰარამის მიერ 300 გოგონას გატაცების შემდეგ წამოიწყო კამპანია სახელწოდებით “დაგვიბრუნეთ ჩვენი გოგონები“, თუმცა, იმაზე, რომ ავღანეთში ბიჭების მთელი ლეგიონი პროსტიტუციისა და პედოფილიის მსხვერპლია, თეთრ სახლს სათქმელი არაფერი აქვს.

კომენტარები