კრიმინალი საქართველოში

თარგამაძე: უპასუხისმგებლო დაცვის გამო ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაუცველი ხდება

გივი თარგამაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სექტემბერში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უპასუხისმგებლო დაცვის გამო ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაუცველი ხდება.

"მინდა, მოგაწოდოთ სექტემბერში მომხდარი კრიმინალური შემთხვევის რეალური სტატისტიკა. მხოლოდ ამ თვეში ჩვენ გვაქვს თბილისში, ბათუმსა და უკანა ფშავში 3 ორმაგი მკვლელობა; პოლიციელის მკვლელობა თელავში; ანაკლიაში პატრული გვამია ნაპოვნი; შუახევსა და ყვარელში გვაქვს ქალბატონების ორი ცალკეული შემთხვევა; ერთი მამაკაცის მკვლელობა ბათუმში; ერთი არასწრულწლოვნის მკვლელობა ფონიჭალაში; ასევე, ბანკების, კერძო ბინების ძარცვა და დიდი რაოდენობით თანხების გატაცება; მრავალჯერადი სროლები, რომელსაც პირების დაჭრა მოჰყვა. გუშინ იყო აპოგეა, როდესაც დღისით, ხალხის თანდასწრებით, აბაშიძეზე ორი ადამიანი დაჭრეს, მოგვიანებით ამავე ადგილას განმეორებით სროლა ისმოდა, ამის შემდეგ კი ავჭალაში, ორი ახალგაზრდა დაჭრეს.

ესაა კატასტროფული სურათი, მზარდი ტენდენცია, რომელსაც თავისი მიზეზები აქვს - აგვისტო-სექტემბერში, პროფესიონალი პოლიციელების სამსახურებიდან წასვლის მესამე ტალღა დაიწყო. ეს ადამიანები, უბრალოდ, ვერ ძლებენ ამ გარემოში, ისინი ვერ მუშაობენ იმ ახლადაღზევებულ ადამიანებთან, რომელთაც სამართალდამცველ ორგანოებთან საერთო არ აქვთ. ისინი ერთადერთი ნიშნით, ბიძინა ივანიშვილის პირადი ერთგულებისა და მასთან მსახურობისთვის იმ კარიერას ერთ დღეში იკეთებენ, რომელსაც პროფესიონალი სამართალდამცავები მთელი ცხოვრების მანძილზე გადიან.

ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება თუ ამას ყველა ადამიანი არ აღიარებს, უპასუხისმგებლო დაცვის გამო, პრაქტიკულად, დაუცველი ხდება ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე", - თქვა გივი თარგამაძემ.

კომენტარები