სირიის კრიზისი

პუტინს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ „კოორდინირებული მოქმედება“ სურს

independent.co.uk

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ „კოორდინირებულად მოქმედების" სურვილი გამოთქვა, ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთი სირიის ან რომელიმე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ამ მიზნით საომარ ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების მიმართ, მაშინ, როდესაც დასავლეთის ქვეყნები და სირიის ოპოზიცია ასადის გადადგომას მოითხოვენ.

სირიის კრიზისი, სავარაუდოდ, დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე.
ამ საკითხის განხილვას პუტინი ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთანაც გეგმავს. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ორშაბათს გაიმართება.

ურთიერთობა დასავლეთსა და რუსეთს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა ყირიმის ანექსია და უკრაინაში სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერა ღიად დაიწყო.
მეორე მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, დევიდ კამერონი, ამ კვირაში ასადის წინააღმდეგ განცხადების გაკეთებას აპირებს.

დევიდ კამერონი, ისევე, როგორც ბარაკ ობამა და ფრანსუა ოლანდი, დაუყოვნებლივ მოითხოვს ასადის გადადგომას, თუმცა პუტინი ამ პოზიციას არ იზიარებს. მისი თქმით, სირიის ტერიტორიის დიდ ნაწილს ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს, ამიტომ მიუღებელია მოსაზრება, თითქოს სირიის ჯარი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის.

„ბაშარ ალ-ასადი არ შეიძლება იყოს სირიის მომავალი. ასადმა საკუთარ ხალხს გამოუცხადა ომი. მან ასევე ხელი შეუწყო სირიის კონფლიქტისა და მიგრანტების კრიზისის გაღვივებას", - განაცხადა კამერონმა კვირას ნიუ-იორკში ჩასვლის შემდეგ.

მსოფლიო ლიდერები კრიზისიდან გამოსავალს დიპლომატიური გზებით ეძებენ, მათი მიზანი ევროპაში მიგრანტების შემოდინების შეჩერებაცაა. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ რუსეთმა სირიის მთავრობის მხარდასაჭერად ქვეყანაში სამხედრო წარმომადგენლობა გაზარდა.

კვირას ერაყმა ოფიციალურად დაადასტურა რუსეთთან, ირანთან და სირიასთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოორდინირებულად მოქმედების შეთანხმების შესახებ. 

კომენტარები