გაერო-ს სამიტი

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფაა

un.org

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების სამიტზე საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფაა. პრემიერმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელთაც სახელმწიფო სოციალური დაცვის მიმართულებით ახორციელებს. პრემიერმა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებული პროგრამებიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზეც ისაუბრა.

“საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველოს მთავრობა ახორციელებს C ჰეპატიტის აღმოფხვრის უპრეცედენტო პროგრამას. პაციენტებს უტარდებათ აუცილებელი ტესტები წინასწარი დიაგნოზისა და მკურნალობის მონიტორინგის მიზნით, ასევე გამოიყენება უახლესი მედიკამენტები ამ დაავადების სამკურნალოდ. დედებისა და ბავშვების ჯანდაცვის მზარდ დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან და ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედებსა და ბავშვებს შორის სიკვდილიანობის დონის შემცირებისთვის. საქართველომ შეასრულა ათასწლეულის განვითარების მეოთხე მიზნის მოთხოვნები - ჩვილთა და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობამ დაიკლო ათი და თორმეტი პუნქტით ყოველ ათასზე,”- აღნიშნა პრემიერმა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 3 ათას ბენეფიციარზე მეტი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის მიერ შექმნილ ახალ მედიკამენტს - სოფოსბუვირს სრულიად უსასყიდლოდ იღებს. სოფოსბუვირის განკურნების მაჩვენებელი 90%-ს აღემატება და მისი კურსის საბაზრო ღირებულება $80 ათასს აჭარბებს.

კომენტარები