მაჟორიტარული სისტემა

ძიძიგური: ჩვენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ ვითხოვდით

ტაბულა

პარლამენტის ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს, ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ ითხოვდა. მისი თქმით, ოპოზიციური რვიანის არც ერთ შეთავაზებაში არ წერია მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების გაუქმების შესახებ.

"კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ მაშინ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ვითხოვდით. ეს ასე არ იყო. ჩვენ მაჟორიტარული არჩევნების სხვაგვარად გადათამაშებას ვითხოვდით. 2008 წელს ოპოზიცია იმის გამო შიმშილობდა, რომ 100 მანდატი პარტიული სიით, ხოლო 50 მანდატი მაჟორიტარული სისტემით უნდა გადანაწილებულიყო, რაც სააკაშვილმა ზედ არჩევნების წინ შეცვალა", - განაცხადა ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ კოალიციაში დღესაც ჰყავს მომხრეები მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას, არსებული შერეული სისტემის შენარჩუნებას და ჰყავს მომხრეები პროპორციულ სისტემაზე გადასვლასაც.

"ოპოზიციაში ყოფნის დროს ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებისთვის 50%-იანი ბარიერის დაწესებას. ჩვენ 50%-იანი ბარიერის თემაც განვაცხადეთ და თითქოს არაფერი - ამ თემაზე სრული დუმილია და რაიმე გამოხმაურება არ გვინახავს. მაჟორიტარული ოლქების გამოთანაბრებაზე ჩვენ გვაქვს ჩვენი პროექტი და მოვუწოდებ სხვა პარტიებს, თავიანთი პროექტებიც გაამზადონ, თუ როგორ შეიძლება ოლქების და მანდატის წონის თანაბრობის უზრუნველყოფა. თუ ამის შეჯერებას მოვახერხებთ, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ჩვენ საკმარისი ხმები იმისათვის, რომ საარჩევნო სისტემა 2016 წლის არჩევნებისთვის შევცვალოთ, არ გვაქვს. ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები გვთავაზობენ, ჩვენ დაგიჭერთ მხარს და ხმებს მოვაგროვებთო. გამოდის ძალიან საინტერესო კომბინაცია, რომ ჩვენ ჩვენივე კოალიციის წევრების ხმებზე - რამდენიმე ათეული დეპუტატის ხმაზე უარი ვთქვათ და სანაცვლოდ ოპოზიციონერი დეპუტატების ხმებით მივიღოთ ესოდენ მნიშვნელოვანი და სერიოზული რეფორმა, რაც კოალიციის ერთიანობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობისთვის კარგი იქნება, თუ ჩვენ კოალიციაში პრობლემები გვექნება და არც თავისუფალი დემოკრატები იტყვიან ამაზე უარს, მაგრამ ჩვენ ვართ კოალიცია, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ამოცანა, ჩვენ ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობა გვჭირდება და ამ ნაბიჯზე ამ ეტაპზე ვერ წავალთ", - აცხადებს ზვიად ძიძიგური ინტერპრესნიუსთან. 

ოპიზიციური რვიანის 2011 წლის შეთავაზებით, 150 დეპუტატიდან 75 აირჩეოდა პროპორციული სისტემით პარტიული სიიდან. თუმცა, ცვლილებები ხდებოდა მაჟორიტარი პარლამენტის წევრების არჩევისას. ამ შეთავაზების მიხედვით, უფრო მჭიდროდ დასახლებულ საარჩევნო ოლქებს შეეძლებათ რამდენიმე დეპუტატის არჩევა, ამავდროულად კი, საარჩევნო ოლქების რაოდენობა შემცირდებოდა. შედარებით მცირე საარჩევნო ოლქები, რომლებიც გეოგრაფულად და ისტორიულადაც ახლოს არიან, გაერთიანდებოდნენ. თითოული საარჩევნო ოლქიდან წარდგენილი დეპუტატების ადგილების რაოდენობა პარლამენტში დამოკიდებული იქნებოდა ამ ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობაზე. ყოველი საარჩევნო ოლქი ორი, სამი ან ოთხი წევრით იქნებოდა წარმოდგენილი პარლამენტში. პარტიის მიერ პარლამენტში მოპოვებული ადგილების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ პროცენტს მოიპოვებდა ის რეგიონულ-პროპორციული საარჩევნო სისტემით შესაბამის საარჩევნო ოლქებში. 

კომენტარები