პრეზიდენტის რეზიდენციასთან ერეკლე მეორის საზოგადოების ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. ისინი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, დიპლომატიური კავშირების აღდგენას, ასევე საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადებას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის არჩილ ჭყოიძის თქმით, საჭიროა, საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება დაიწყოს. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები რუსეთის ფედერაციის დროშებით.
"ევროპამ და ამერიკამ ქვეყანას მხოლოდ პამპერსები მოუტანა, ამიტომ საჭიროა, პრეზიდენტმა ჩვენი მოთხოვნა გაითვალისწინოს", - განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.
აქციაზე ერთი პირი დააკავეს. მან გააპროტესტა ის ლოზუნგები და გამოსვლები, რომელიც ერეკლე მეორის საზოგადოებას აქვს. მან სცენაზე ასვლა სცადა, თუმცა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ის საპატრულო პოლიციამ დააკავა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული თავისუფალი ზონის წევრი იყო, თუმცა, ორგანიზაცია ამას უარყოფს და აცხადებს, რომ "დაკავებულთან თავისუფალ ზონას არანაირი შეხება არ აქვს". მათივე თქმით, თავისუფალმა ზონამ პრეზიდენტის სასახლის ტერტორიაზე გააპროტესტა ის სამარცხვინო პრორუსული პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, თუმცა, მათი აქცია მხოლოდ ბანერის გამოფენით დასრულდა.





