რეკლამა

წინანდალში საგამოფენო სეზონი 19 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიხსნება

ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგამოფენო სეზონს 19 სექტემბერს 14:00 საათზე თანამედროვე ფრანგი მხატვრების ფრანსუა-მარი ანტონიოზისა და მინოს გამოფენით ხსნის. გამოფენა სილქროუდ ჯგუფისა და სილქნეტის ორგანიზებით, ასევე საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პარტნიორობით იმართება.

წინანდლის სასახლე ყოველთვის იყო საქართველოში ფრანგული კულტურის მასპინძელი და მას არაერთი გამოჩენილი ფრანგი სტუმრობდა, მათ შორის შევალიე გამბა, ალექსანდრე დიუმა უმცროსი და სხვა. ამჟამადაც, წინანდლის საგამოფენო დარბაზი ორ ფრანგ არტისტს მასპინძლობს.

ფრანსუა-მარი ანტონიოზი 1949 წელს პარიზში დაიბადა და ბავშვობიდან იყო ხატვით გატაცებული. ის ცნობილი და პატივსაცემი ფრანგული ოჯახიდანაა და უამრავ ხელოვანთან და მწერალთან უწევდა შეხვედრა ოჯახში. სორბონაში მიღებული განათლების შემდეგ, იგი გახდა კაზა ველასკესის და რომში საფრანგეთის აკადემიის კონკურსის ლაურეატი. ფრანსუა-მარი თავიდან კუბისტი მხატვრის, ანრი ბოდენის, შემოქმედებით იყო მოხიბლული.

მინოს ძირითადი საქმიანობა მხატვრობის არქიტექტურაში შერწყმაა. მისი სკულპტურებითაა გაფორმებული პარიზის კულტურის სამინისტროს და ფილოლოგიის ეროვნული ცენტრის შესასვლელი ჰოლი და მისაღები დარბაზი, ასევე რეილის ქუჩის კედელი.

ფრანსუა-მარი ანტონიოზი და მირო თავიანთი შემოქმედებით, ფრანგული კულტურის საინტერესო ნიშას ქმნიან. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ფერწერული ტილოები, ასევე მცირე ზომის ქანდაკებები და რელიეფები.

გამოფენასთან დაკავშირებით, ორკესტრი "Georgian Sinfonietta" ერთსაათიან კონცერტს გამართავს და მას უხელმძღვანელებს გერმანელი მევიოლინე კრისტოფ მეიერი. შესრულდება ფრანგული ბაროკოს მუსიკის და სხვადასხვა ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

კომენტარები