ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ პარლამენტში მთავრობის ანგარიშის წარდგენასა და განხილვას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის ანგარიშის წარდგენასა და განხილვას ითხოვს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის პირველი ნაწილი საქართველოს მთავრობას ავალდებულებდა, საშემოდგომო სესიის პირველივე კვირაში, ანგარიში წარედგინა.

„როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობას არ აღმოაჩნდა უნარი, საკუთარი გაწეული საქმის ანგარიში პარლამენტში წარედგინა. ჩვენ კი ძალიან კარგად ვხედავთ მთავრობის მუშაობის შედეგს სავალუტო ჯიხურებში, სასურსათო დაფებზე, მაგრამ მაინც, რეგლამენტის მიხედვით, მთავრობა ვალდებულია, თავი მოუყაროს ანგარიშს და პარლამენტში წარმოადგინოს. ჩვენ ვითხოვთ, რომ რეგლამენტის ეს დარღვეული ნორმა გამოასწოროს. იმავე რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მთავრობა უნდა მოვიდეს და წარმოადგინოს ანგარიში პლენარულ სხდომაზე, თუ ამას პარლამენტი მოითხოვს. ამის გათვალისწინებით, მინდა ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით კი უმრავლესობასა და დავით უსუფაშვილს მოვუწოდო, რომ საქართველოს პარლამენტმა შეასრულოს თავისი ფუნქცია და ამ მდგომარეობაში, როდესაც ეკონომიკაში კრიზისია, სახეზეა ყველა მიმართულების გართულება, მთავრობისგან მოითხოვოს ანგარიშის არამხოლოდ ფორმალურად გამოგზავნა, არამედ პრემიერმინისტრის პარლამენტში მისვლა და პლენარული ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანა. ამის შემდეგ კი, ჩვენი მოთხოვნა იქნება ამ ანგარიშის განხილვა“, - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

კომენტარები