რიგები საბაჟოზე

ლარსის საბაჟოსთან ასობით ტრაილერია გაჩერებული

facebook.com/nacionalurimodzraoba

ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ასობით ტრაილერია გაჩერებული - გაჩერებული ტრაილერების კოლონის ამსახველი ვიდეომასალა დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. პარტიის წევრის კობა სუბელიანის თქმით, ამ ავტომობილების შეფერხება საქართველოს ეკონომიკის შეფერხების ამსახველი მცირედი ნაწილია. ტაბულა ტრაილერების შეფერხების მიზეზების შემოსავლების სამსახურში გადამოწმებას ამ დრომდე ცდილობს. 

"ყაზბეგის რაიონში უკვე რამდენიმე დღეს ასეულობით სატვირთო გაურკვეველი მიზეზით გაჩერებულია. თითოეული დაკარგული დღე, საათი ჩვენი ეკონომიკის შეფერხებას უდრის. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ უფასურდება ჩვენი ეროვნული ვალუტა. ესაა შეფერხებული ეკონომიკის ერთი პატარა ნაწილი. თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ამაზეა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა დამოკიდებული. მოვუწოდებ პრემიერმინისტრს, პირადად მივიდეს ლარსის საბაჟო პუნქტზე და გაარკვიოს რასთან გვაქვს საქმე. ეს არაა ერთი და ორი მანქანაა, აქ საუბარია ასეულობით მანქანაზე და, რაც მთავარია, არავინ იცის ამ შეფერხების მიზეზი. ჩვენ დროს ასეთი რამ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ეს სისტემა აწყობილი დავტოვეთ და სახეზე გვაქვს სისტემის ნგრევა", - განაცხადა კობა სუბელიანმა.

ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის ნაწილია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ამ საბაჟოს მეშვეობით წელს საქართველოს ტერიტორიაზე 469 ათასი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა. 

 

კომენტარები