სტიქია ბათუმში

სტიქია ბათუმში - მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს

ირინა ყურუა / ბათუმელები

ბათუმში ამ დროისთვის აღარ წვიმს, თუმცა ღამის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სამაშველო სამსახურები ჯამში მოსახლეობამ 300-ჯერ გამოიძახა. ძლიერმა წვიმამ ის ქუჩები დატბორა, სადაც საკანალიზაციო არხების მოწესრიგება ჯერ არ დაწყებულა. წყლის დონემ ქუჩებში იკლო, სამაშველო სამსახურები კი განაგრძობენ წყლის ამოტუმბვას.  ოთხბალიანი შტორმი გუშინ საღამოს დაიწყო, აჭარის სამაშველო სამსახურები  გამოძახებათა სიმრავლის გამო ვერ ახერხებდნენ ყველგან მისვლას, სწორედ ამიტომ, თბილისიდან და ქუთაისიდან ავტონომიურ რესპუბლიკაში დამატებითი სამაშველო ძალები ჩავიდა. დღეს, დილის 9 საათზე ბათუმის მერიაში სპეციალური შეხვედრაც გაიმართა, სადაც ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა სტიქიის მძიმე შედეგები წინა წლებში მოუწესრიგებელი საკანალაზიცაო და სანიაღვრე სისტემით ახსნა.

ბათუმის მერიაში ამტკიცებენ, რომ მთელი ღამის მანძილზე ხახულის, მეჯინის, ჟილინის და ე.წ. არდაგანის არხები გაწმენდილი იყო და მათში წყლის გადინების პრობლემა არ იდგა. "არხების გადინების პრობლემა არ დგას, მაგრამ არხები ვერ ღებულობს უხვი რაოდენობით ნალექს", - წერია მერიის სპეციალურ განცხადებაში. თავის მხრივ, მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, საკანალიზაციო ჭები და სანიაღვრე არხები დროულად გაწმინდოს.

"მოვიდა სამაშველო სამსახური და ჩვენი სახლის პირველ სართულს ტუმბავენ. დამისველდა ავეჯი, ახლა აღარ მჭირდება დახმარება. ამოტუმბავენ თუ თავისით გაიწოვს წყალი, სულერთია. მერიის სამსახურები ახლა კი არ უნდა ასუფთავებდნენ საკანალიზაციო ჭებსა და სანიაღვრე არხებს, ისინი მზიან ამინდში უნდა გამოვიდნენ და მოაწესრიგონ სისტემა. ჩვენი პრობლემის შესახებ მთელმა ქვეყანამ იცის. წელიწადში ხუთჯერ გვტბორავს და ტელევიზორით გადმოსცემენ ჩვენს პრობლემას. მხოლოდ მერიამ ვერ გაიგო, რომ დახმარება გვჭირდება", - აცხადებენ მოქალაქეები საინფორმაციო საააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში.

მძიმე მდგომარეობაა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ხელვაჩაურის სოფელ ფერიაში 10 ოჯახს საცხოვრებელი სახლები დაეტბორა.

 

 

კომენტარები