საჰაერო სივრცის დარღვევა

სამინისტრო: რუსეთმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვია

kvira.ge

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის ფედერაციამ თბილისის მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე, გუშინ, 19 აგვისტოს, დილის 10:57 საათზე დაარღვია. უწყების განცხადებით, "მი–8" ტიპის სამხედრო ვერტმფრენი გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარის მიმართულებით შემოფრინდა. სამინისტრო, განცხადებაში, რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებსაც ეხმაურება, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში 17 აგვისტოს დაიწყო. 

"2015 წლის 17 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ სამხრეთის სამხედრო ოლქში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომლებიც ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეიარაღება, როგორიც არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული საშუალებები «Град-М», «Ураган», «Смерч», 152 და 122 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცები «Мста-С» და Д-30, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი «Нона» და სხვა სამხედრო სისტემები. წვრთნები 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დღეს ჩრდილოეთ კავკასიაში და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის საერთო საჯარისო არმია შეუდგა ახალი თაობის კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენებას საველე პირობებში. საველე წვრთნებში მონაწილეობს 2 ათასზე მეტი სამხედრო და გამოყენებულია 500 ერთეულზე მეტი კავშირგაბმულობის სპეციალური ტექნიკა.

სამხედრო წვრთნების პარალელურად გრძელდება რუსეთის მხრიდან საქართველოს მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევები. კერძოდ, 2015 წლის 19 აგვისტოს, დილის 10:57 საათზე ოკუპირებული სოფელ ხელჩუას მიმართულებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების „მი–8" ტიპის სამხედრო ვერტმფრენმა გორის რაიონის სოფ. ზარდიაანთკარის მიმართულებით შემოფრენისას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვია. ინციდენტის შემდეგ ვერტმფრენმა ფრენა ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით განაგრძო.

რუსეთის ფედერაციის მსგავსი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას და ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებას და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, უპირველესად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები