ახალი მოსამართლეები

NGO-ები: მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაუმჭვირვალედ ჩატარდა

thestateweekly.com

"კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის"- შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი წინა წლებთან შედარებით გაუმჭვირვალედ ჩატარდა. IDFI-ის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის თქმით, 2014 წლამდე მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრებები იყო ღია, წელს კი ეს პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. კლდიაშვილის თქმით არსებობს საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მოსამართლეთა კანდიდატების მიმართ, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მათი შერჩევის და გასაუბრების პროცესი ღია იყოს, რადგანაც არ მოხდეს მოსამართლის პოლიტიკური ნიშნით შერჩევა. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თამარ გვარამაძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევისა და დამტკიცების პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა. არასამთავრობოებს კითხვები არამხოლოდ მათი დანიშვნის წესთან არამედ თავად იმ კრიტერიუმებთან დაკავშირებითაც აქვთ, რომელთა მეშვეობითაც მოხდა ამა თუ იმ კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭებაადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის ვახუშტი მენაბდის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორად არის გაყოფილი, ერთის მხრივ ესენი არიან მოსამართლე წევრები და არამოსამართლე წევრები, მათ შორის კი გარკვეული კონფრონტაცია აქვთ მოსამართლეთა დანიშვნის წესთან დაკავშირებით და ასევე ისინი საკუთარ გადაწყვეტილებას არ ასაბუთებენ. მენაბდის თქმით, აქამდე საჯარო იყო თუ რა კრიტერიუმების მიხედვით არჩევდნენ ახალ მოსამართლეებს, ახლა კი ესეც დახურულია. 

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის გია ვოლსკის თქმით, ეს პროცესი არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. ვოლსკის თქმით, საფრთხის შემცველი არა ახალი წესი არამედ არსებული წესი იყო, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღება არა დახურული, არამედ ღია ხმის მიცემის წესით ხდებოდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის შეფასებით, მოსამართლეთა დანიშვნის წესი გამჭვირვალე უნდა იყოს. რატიანის თქმით, გასული წლების მანძილზე ამ პროცესის გამჭვირვალობის გასაზრდელად ნაბიჯებიც გადაიდგა, თუმცა გამჭვირვალობის ზრდის ნაცვლად საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს. რატიანის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლება სასამართლოზე გავლენის მოპოვებას ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ცდილობს. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თქმით, მოსამართლეთა რაოდენობის ზრდა მნიშვნელოვანია. 

კომენტარები