კარბელაშვილის დაკავება

შსს: კარბელაშვილმა პატრულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გიორგი კარბელაშვილმა პატრულის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - ამის შესახებ შს სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

შს სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბორჯომი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრავი, შავი ფერის, ტოიოტას მარკის ავტომანქანა ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს. ავტომანქანას პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი მართავდა, რომელმაც დოკუმენტაციის და ალკოტესტით სტანდარტული შემოწმების მოთხოვნის პასუხად საპატრულო ეკიპაჟის წევრებს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი - ე.ბ. უახლოეს განყოფილებაში, ოსიაურში გადაიყვანეს.

„მოგვიანებით, ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ პარლამენტარი გიორგი კარბელაშვილი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა მისი თანმხლები პირიც. შემოწმების ჩატარების შემდეგ გიორგი კარბელაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა, ხოლო ე.ბ. დაკავებულია", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი ღამის პირველ საათზე სოფელ ქვიშხეთში დააკავეს. ახლობლები მთელი ღამის განმავლობაში ითხოვნენ მის ნახვას. მათ ასევე სურდათ პოლიციის სახელზე განაცხადის დაწერა, თუმცა - უშედეგოდ. ოსიაურში გვიან ღამით ჩავიდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძეც, მაგრამ შენობაში შესვლის უფლება არც მას მისცეს, რასაც შელაპარაკება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაპირისპირება მოჰყვა კარბელაშვილის ოსიაურიდან გორში გადაყვანასაც. კარბელაშვილი დღეს დილით გაათავისუფლეს.

ნაციონალური მოძრაობა მომხდარ ფაქტს დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს.

კომენტარები