ლარის კურსი

ლარი კვლავ გაუფასურდა

კოლაჟი / ტაბულა

ლარი ისევ გაუფასურდა. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3044 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. ხვალიდან ერთი ევრო 2.5132 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, ერთი ევროს საფასური 2.4886 ლარს შეადგენდა. 

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები ლარის გამყარებას ზაფხულში ვარაუდობდნენ, რაც მაღალი ტურისტული ნაკადით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, თუმცა წელს საქართველოს ტურიზმში მაღალი ზრდა არ ყოფილა, მეტიც, იანვარ-ივლისის შუალედში იმ ვიზიტორთა რაოდენობა, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტ ხანს რჩება, 0.7%-ით შემცირდა. 

ლარის გაუფასურება ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა. 

ლარის გაუფასურება საქართველოს საგადამხდელო ბალანსის გაუარესებამ გამოიწვია. საგადამხდელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული უცხოური ვალუტის ნაკადების საბალანსო დოკუმენტია. საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროებს წარმოადგენს ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საერთაშორისო გრანტები და კრედიტები. ქვეყნიდან ვალუტის გადინებას კი იმპორტი და საგარეო ვალის მომსახურება იწვევს.  

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები