ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ როსპოტრებნადზორის განცხადების შესწავლა დაიწყო

for.ge

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ "როსპოტრებნადზორის" განცხადებასთან დაკავშირებით შესწავლა დაიწყო. როსპოტრებნადზორი რუსეთის ფედერაციაში ქართული საექსპორტო ღვინის კონტროლის მექანიზმს არადამაკმაყოფილებლად აფასებს.

"სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ „როსპოტრებნადზორის" განცხადებაში მითითებული პროდუქცის კონკრეტული შემთხვევით, დაიწყეს საკითხის შესწავლა და დამატებით დეტალებში გარკვევა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და მოწმდება შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიებში. ქართული ღვინო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციაა და როგორც სახელმწიფო, ასევე მეწარმეები და ექსპორტიორები მაქსიმალურად დაინტერესებულნი არიან პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.

საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ხორციელდება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი. 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ექსპორტის მატებაა ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი - 35%, საფრანგეთი 119%, კორეა 221%, აშშ - 20%, გერმანია - 17%, კანადა - 100%, იაპონია - 10%; პოლონეთი 2%, ლატვია - 9%, ესტონეთი - 19%, და სხვა", - წერია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები