რეკლამა

Ellen Allien - გერმანელი არტისტი Gem Fest-ზე 3 აგვისტოს დაუკრავს

http://goodpixgallery.com/ellen-allien-photos/

3 აგვისტოს Gem Fest-ს განსაკუთრებულად ვარკვლავური დღე აქვს, რადგან ამ დღეს სხვა დიჯეებთან ერთად, სცენაზე David August, Tiefschwarz და Ellen Allien გამოვლენ. ეს უკანასკნელი კი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც მუდმივად სიახლის ძიებაშია და არასდროს კმაყოფილდება იმით, რაც უკვე აქვს. სწორედ ამიტომ, 20 წელზე მეტია, Ellen Allien არ გაჩერებულა და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას.

90-იანი წლების დასაწყისში Ellen ისეთი ბერლინური კლუბების რეზიდენტი გახდა, როგორიც იყო E-Werk, Tresor და Bunker. პარალელურად მან გადაწყვიტა, გაეკეთებინა საკუთარი რადიო გადაცემა Kiss FM-ზე, თუმცა ეს გადაცემა დიდხანს არ გაგრძელებულა. ამიტომ Allien-მა ახალი „გასართობი“ იპოვა და "Pitch Control"-ის სახელის ქვეშ დაიწყო სხვადასხვა მუსიკალური ღონისძიებების გამართვა. სახელიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია თუ საიდან მოდის ლეიბლ "BPitch Control”-ის შექმნის იდეა: „იმ პერიოდში ბერლინში არც თუ ისე ბევრი ლეიბლი იყო. ერთხელ ვითანამშრომლე MFS-სთან და Paul Van Dyk-თან, თუმცა მივხვდი, რომ ეს აღარ განმეროდებოდა, რადგან მინდოდა საკუთარი ლეიბლი მქონოდა”.

ლეიბლი საკმაოდ წარმატებული გამოდგა და ისეთ არტისტებს მოუყარა თავი, როგორებიც არიან Modeselektor, Paul Kalkbrenner, Telefon Tel Aviv, Apparat, AGF/Delay, Jahcoozi და ასე შემდეგ. Apparat-თან თანამშრომლობა კი სტუდიაშიც გაგრძელდა და 2006 წლის კოლაბორაციული ალბომით,  Orchestra of Bubbles-ით დასრულდა. Orchestra of Bubbles ერთ-ერთი საკმაოდ შთამბეჭდავი დისკოგრაფიიდან, რომელიც 8 ალბომს და უამრავ EP-ს მოიცავს.

"BPitch Control”-ის პარალელურად Ellen-მა გადაწყვიტა ტანსაცმლის დიზაინში საკუთარი ხაზი შეექმნა, რისი შედეგიცაა 2006 წელს დაარსებული "Ellen Allien Fashion". ტანსაცმლის დიზაინერობა არასდროს ყოფილა განყენებული ყველაფერ იმისგან, რასაც იგი აკეთებდა. უფრო მეტიც, ხშირად აღნიშნავენ, რომ იგი ამ სფეროშიც კი იმ ფილოსოფიას ავითარებდა, რომელიც მუსიკაში ჰქონდა. ეს ფილოსოფია კი ერთი შეხედვით მარტივია: მუდმივი მოქმედება, განვითარება, ექსპერიმენტები და მიზნისკენ სწრაფვა.

„მე არ ვარ ის დიჯეი, რომელიც დაკვრისას ცდილობს, ნელა განავითაროს სეტი. იმ წუთისთვის ყველა ჩემთვის საინტერესეო ტრეკს ვიღებ და ვცდილობ, საუკეთესოდ შევუთავსო ერთმანეთს. არ ვაქცევ ყურადღებას, რომელი ტრეკია ბიტპორტზე პოპულარული ან რომელი უფრო იყიდება ვინილზე. ჩემი დიჯეი სეტები გამოხატავენ ჩემს კარიერას. შეიძლება ითქვას, რომ მე ვუკრავ საკუთარ ისტორიას“.

2013 წელს გამოსული საუნდტრეკ ალბომი, სახელწოდებით “LISm” მისთვის ჯერჯერობით ბოლო სტუდიური ალბომია, თუმცა ცოტა ხნის წინ გამოუშვა მორიგი ‘High EP". საკმაოდ რთული გრაფიკია"BPitch Control”-ზე, რომელიც DJ Phono, Garry Todd და Manik-ის რელიზებს ამზადებს. რაც შეეხება Ellen Allien-ს, მისი ძირითადი პრიორიტეტი კი ჯერჯერობით წლევანდელი ტურნეა, რომლის ფარგლებშიც მას ანაკლიაში , Gem Fest-ზე მოვისმენთ.

კომენტარები