რეკლამა

David August ანაკლიაში 3 აგვისტოს დაუკრავს

David August/fb.com

“2010 წელს ჩემი პირველი ტრეკი დავარელიზე. ნახევარი წლის შემდეგ კი, მისი მოსმენა აღარ შემეძლო. მრცხვენოდა და ვამბობდი, რომ "ეს რა გავაკეთე", იგივე განმეორდა თვეების შემდეგ და დღესაც მუდმივად ასე ხდება ძველი პროდუქციის გადაფასება. ეს ჩემთვის დიდი პრობლემაა. ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ პროდუსერებს, რომელთაც შეუძლიათ განვითარების კვალდაკვალ საკუთარ სტილს მიჰყვნენ, თუმცა არ მგონია, მე ერთ-ერთი მათგანი ვიყო. თუ ჩემს საწყის და ბოლო ტრეკებს შევადარებ, მათ შორის დიდი განსხვავებაა“.

David August ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი მუსიკოსია თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში. ჰამბურგში დაბადებული ახალგაზრდა მუსიკოსის კარიერა ადგილობრივ ბენდში დაიწყო, სადაც იგი ბას გიტარაზე უკრავდა. მოგვიანებით კი მან გადაწყვიტა მუსიკის შექმნა და საკუთარი პროდუქციის დემო ვერსიები Stil Vor Talent-ის ბოსს, Oliver Koletzki-ს გადაუგზავნა. Koletzki-ს არ დაეზარა დემოების მოსმენა და შესაბამისად August-ის პირველი ნაბიჯებიც მის ლეიბლზე გადაიდგა. ჰამბურგში August ხშირად სტუმრობდა კლუბ EGO-ს, რომელიც ლეიბლ Dyinamic-ის დაქვემდებარებაში იყო:

„[EGO] პატარა კლუბი იყო, კარგი საუნდ სისტემით და დენსფლორით. მაქსიმუმ 300 კაცი თუ დაეტეოდა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ იგი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი კლუბი იყო მთელს გერმანიაში".

ლეიბლ Dyinamic-თან მისი თანამშრომლობა დიდწილად Solomun-ის მისადმი სიმპათიამ განაპირობა. როგორც მუსიკოსი იხსენებს, Solomun მას არასდროს ზღუდავდა ლეიბლის ჩარჩოთი და მუდმივად ეუბნებოდა, რომ გაეკეთებინა ის მუსიკა, რაც მას სურდა, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. David August-იც სწორედ ასე მოიქცა და იგი მალე ამ ლეიბლის ერთ-ერთი მთავარი სახე გახდა და Dyinamic-ის ჟღერადობის განვითარებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. თუმცა პროდუსინგი მისი კარიერის ერთი მხარეა, დიჯეინგი და ზოგადად პერფორმანსის ხელოვნება კი ბოლო წლების მანძილზე მისთვის თანდათან უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

"10 წლის შემდეგ საკუთარ თავს დიჯეინგში ვერ ვხედავ. ეს ჩემთვის გარკვეულწილად სამუშაოა, რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება. მე არ მსურს „გამრთობის“ სტატუსი მქონდეს, მინდა მივუახლოვდე იმ კონდიციას, რასაც არტისტები და ზოგადად მუსიკოსები აღწევენ“- ეს კონტრავერსული განცხადება ურეაქციოდ არ დარჩენილა და ძალიან მალე David August-მა დაიწყო საკუთარი ლაივ შოუ, რომელიც ანაკლიის სტუმრებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. მისი ლაივების მთავარი კოზირი ისაა, რომ მას ყოველთვის აქვს გადანახული სრულიად ახალი, გამოუქვეყნებელი პროდუქცია, რომლითაც მუდმივად მანიპულირებს. ამ ტექნიკის გამო ბოლო წლებში მისი რელიზები რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და ძირითადი ძალისხმევა ლაივებისკენ იქნა მიმართული.

ცოტა ხნის წინ August-მა ცოცხალ ბენდთან ერთად სცადა საკუთარი მუსიკის ინტერპრეტირება და თუ რეაქციებით ვიმსჯელებთ, მომავალში მისი ლაივების ამგვარი ორიენტაცია ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ჰამბურგელმა არტისტმა დიდი ხნით გადადო დიჯეინგი გვერდზე და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ უახლოეს წლებში მას მხოლოდ ლაივ შემსრულებლად თუ ვიხილავთ.

3 აგვისტოს David August ფესტივალის მთავარ სცენაზე დაუკრავს ლაივს. იმავე დღეს Gem Fest-ის სტუმრებს შეეძლებათ Ellen Allien, Vako Key, Tiefschwarz, Livio & Roby, Anna Hanna, Fleyta და Gem Fest-ის რეზიდენტების მოსმენა. სანსეტ ბარში კი Get Physical-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, DJ T იზრუნებს სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე.

 

კომენტარები