სოციალური მომსახურების სააგენტო

მარტოხელა პენსიონერებს შეჩერებული საარსებო შემწეობა აღუდგებათ

სოციალური მომსახურების სააგენტო

1 აგვისტოდან სოციალური დახმარების ახალი სისტემა ამოქმედდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, 3000-მდე მარტოხელა პენსიონერს, რომელთაც დახმარება რამდენიმე თვის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდათ, დახმარება აღუდგებათ. მათ აუნაზღაურდებათ გაცდენილი თვეების თანხაც. ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სოციალური დახმარების ახალი სისტემა, რომელიც მაისიდან მოქმედებს ცვლილებებს საჭიროებს, რადგან მარტოხელა პენსიონერებს აზარალებს. 

"ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი. შედეგების დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ სისტემა გარკვეულ კორექტივებს საჭიროებს,რადგან ქულების დათვლის ახალი სისტემა პირველ რიგში მარტოხელა პენსიონერებს აზარალებს. უკვე იდენტიფიცირებულია პროგრამის სუსტი წერტილები. ახლანდელი ცვლილებების მიხედვით გაიზრდება პენსიონერის შეფასების კოეფიციენტი, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს აღუდგინოს დახმარება იმ პირებს,რომლებსაც დროებით შეუწყდათ შემწეობა და აუცილებლად საჭიროებენ დახმარებას. მომზადდა შესაბამისი ცვლილებები, რომელიც განხილული იქნება მთავრობის უახლოეს სხდომაზე და მიღების შემთხვევაში 1 აგვისტოდან შევა ძალაში. უფრო მეტიც,სახელმწიფო აუნაზღაურებს მარტოხელა პენსიონერებს იმ თვეების თანხებს რა პერიოდშიც მათ საარსებო შემწეობის მიღება შეჩერებული ჰქონდათ" - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

აღსანიშნავია, რომ დღესვე, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის აღდგენა მოითხოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა.  ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის მიერ შემოღებულმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალმა მეთოდოლოგიამ, ათასობით ადამიანი დატოვა შემწეობის გარეშე.

კომენტარები