აშშ

ობამა: ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა, რომ იარაღის უსაფრთხოებაზე კანონი ვერ მივიღეთ

worldtribune.com

ყველაზე დიდი იმედგაცრუება პრეზიდენტობის პერიოდში ბარაკ ობამასთვის ის გახდა, რომ იარაღის ტარების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას ვერ მიაღწია. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"თუ მკითხავთ, რომელმა საკითხმა გამოწვია ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება, გეტყვით, რომ ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ერი ვართ, მაგრამ არ გვეყო საღი აზრი, რომ იარაღის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიგვეღო. იმის მიუხედავად, რომ მასობრივი მკვლელობები იარაღის გამოყენებით ისევ და ისევ მეორდება. თუ ნახავთ, რამდენი ამერიკელი დაიღუპა ტერაქტებში 11 სექტემბრის შემდეგ, მათი რიცხვი 100-ზე ნაკლებია. მაგრამ თუ ნახავთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა შეიარაღებული ძალადობის შედეგად, მათი რიცხვი ათეულათასობითაა", - აცხადებს ობამა.

იარაღის ტარებისა და შენახვის გამკაცრების ინციატივა ობამამ 2012 წელს წარადგინა. თუმცა, კონგრესმა, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები შეადგენენ, კანონპროექტი არ მიიღო. ობამამ ინტერვიუში პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე იარაღის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებისთვის იბრძოლებს.

 

კომენტარები