აქცია STOP RUSSIA

ნანუაშვილი: ტაბულას პროდიუსერს პოლიციამ სიტყვის თავისუფლება შეუზღუდა

news.ge

სახალხო დამცველი მიესალმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ტაბულას პროდიუსერის ლექსო მაჭავარიანის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.

უჩა ნანუაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია, რომელიც მართლწესრიგის დაცვისკენაა მიმართული, პირველ რიგში თავად უნდა იძლეოდეს კანონშესაბამისობის მაგალითს. მისი ქმედებები არ უნდა აჩენდეს თვითნებური მოქმედების ეჭვს.

„სამწუხაროა, რომ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით პოლიციამ მისი საქმიანობის კრიტიკული შეფასება – „სამარცხვინო პოლიცია" – წვრილმან ხულიგნობად მიიჩნია, რითაც უკიდურესად დაავიწროვა სიტყვის თავისუფლების ფარგლები. იმედს გამოვთქვამ, რომ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება დადებით გავლენას იქონიებს პოლიციის სამომავლო საქმიანობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ორგანიზებული აქციის (Stop Russia) დაწყებამდე, პოლიციელებმა დააკავეს მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი, ტაბულას პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი. დაკავების მიზეზად მიეთითა ის გარემოება, რომ მაჭავარიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას და არ დაემორჩილა მის კანონიერ მოთხოვნას, რაც სასცენო მოწყობილობით დატვირთული სატვირთო ავტომანქანის მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანას გულისხმობდა. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სატვირთო ავტომანქანის მიერ ქვეითთა სავალ ნაწილზე მოძრაობის ხელშეშლა ან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტი.

სახალხო დამცველი ასევე საუბრობს 19 ივლისს პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ ინციდენტზე. 19 ივლისს პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა პანორამა თბილისის წინააღმდეგ მინდინარე აქციაზე გამოყენებული ტრანსპარანტების გამო. პლაკატზე პანორამა თბილისის პროექტი კაცის სასქესო ორგანოს იყო შედარებული. სამართალდამცავთა განმარტებით, ამ პლაკატების გამოყენება ადმინისტრაციული სამართალდარღევა, კერძოდ კი წვრილმანი ხულიგნობა იყო. მათ შეადგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, რომელიც წარედგინა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ასევე მიუთითებდენენ, რომ პლაკატზე მითითებულ სიტყვებს აქციის ცალკეული მონაწილეები ხმამაღლა იმეორებდნენ, თუმცა მათ შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი ამ კონტექსტში სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივ რეგულირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს შესაძლებლად, თუ საქმე ეხება პირისპირ შეურაცხყოფას ან უხამსობას. გამოყენებული პლაკატებით ვინმეს პირისპირ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ის არ წამოადგენდა წვრილმან ხულიგნობას. სახალხო დამცველის მოსაზრებით, აღნიშნული პლაკატი ასევე არ წარმოადგენდა უხამსობას, ვინაიდან გაკეთებული იყო საზოგადოებრივი პროტესტის ჭრილში და ამ თვალსაზრისით, გააჩნდა პოლიტიკური ღირებულება. სასამართლოს ამ საქმეზე ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუმცა სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ ის იქნება დაფუძნებული ადამიანის უფლებათა სტანდარტებზე და დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.

უჩა ნანუაშვილის განცხადებაში წერია, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების ხელშეშლის ფაქტები სამართალდამცავთა მხრიდან. ბოლო განცხადება ერთ-ერთ ასეთ ფაქტზე სახალხო დამცველმა 12 ივნისს, ჰეიდარ ალიევის პარკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაავრცელა.

„აღნიშნული ფაქტები შესაძლოა მიუთითებდეს არაჯანსაღი ტენდენციის დამკვიდრებაზე, რომელსაც სჭირდება სასწრაფო ყურადღება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან. შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება უნდა იყოს დაცული ყველასათვის, სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები ნაკარნახევი უნდა იყოს მხოლოდ კანონით და ემსახურებოდეს ადამიანის უფლებების დაცვასა და პატივისცემას", - წერს ნანუაშვილი.

 

კომენტარები