რეკლამა

Tiefschwarz - გერმანული მუსიკალური პროექტი Gem Fest-ზე 3 აგვისტოს დაუკრავს

Tiefschwarz
souvenirmusic.com

ძალიან დიდია Tiefschwarz-ის როლი გერმანული და არა მხოლოდ გერმანული ელექტრონული მუსიკის სცენის ჩამოყალიბებაში. Basti და Ali Schwarz-ის მიერ 90-იანი წლებში დაარსებული პროექტი დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ყოველთვის. მათი ისტორია შტუტგარდში დაიწყო, როდესაც ისეთი კლუბების მუსიკალურ ხასიათს განსაზღვრავდნენ, როგორებიც იყვნენ ON-U (1990 - 1993) და Red Dog (1993 - 1997).

"როდესაც შტუტგარდში [კლუბში] ვმუშაობდით, ჩვენ მხოლოდ ხარისხიან მუსიკაზე ვიყავით ორიენტირებული. არ გვქონია ჟანრობრივი კლიშე, ამიტომ მაშინ ამ კლუბში ბევრი ტიპის მუსიკას მოისმენდით, მათ შორის ჯაზი, ჰიპ-ჰოპი და სხვა. მოგვიანებით გადავწყვიტეთ, რომ Deep House და ზოგადად ჰაუს მუსიკა უნდა გამხდარიყო ჩვენი მთავარი მუსიკალური ორიენტაცია. სწორედ ამიტომ, 1997 წელს ჩვენ შევწყვიტეთ მუშაობა და მოგზაურობა დავიწყეთ".

დიჯეინგის გარდა, ამავე პერიოდში მათ აქტიურად დაიწყეს პროდუსერული საქმიანობა, რომლის შედეგიც იყო მათი პირველი წარმატებული ტრეკი Music, რომელის 1998 წელს გამოვიდა ლეიბლ Benztown-ზე. პირველმა წარმატებამ ძმებს დიდი სტიმული მისცა, რათა სადებიუტო ალბომზე ემუშავათ, რომელიც 200 წელს გამოვიდა Four Music-ზე. "Ral 9005" მათთვის ძალიან წარმატებული ალბომი აღმოჩნდა, რადგან გარდა ლოკალური პრესისა, მათ შეძლეს საერთაშორისო პრესის ყურადღების მიქცევა, რაც მათი წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი გახდა. სადებიუტო ალბომს მალევე მოჰყვა კომპილაცია სახელწოდებით "A Little Help For Your Friends", რის შემდეგაც ისინი აქტიურად ჩაერთნენ ტურნეში, რომლის ფარგლებში საკუთარი მუსიკა გააცნეს ავსტრალიელ, ამერიკელ, ბრაზილიელ და რუს მსმენელს.

ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მათი მოგზაურობა დასრულდა და მეორე ალბომისთვის მზადება ბერლინში დაიწყო. ეს ალბომი კი აღმოჩნდა Eat Books. შესაძლოა, ამ ალბომის ყველა ტრეკი ერთნაირად წარმატებული არ აღმოჩნდა, მაგრამ სრულიად სხვა შემთხვევაა "Issst", რომელიც ერთ-ერთი საეტაპო ნამუშევარია გერმანელი არტისტების დისკოგრაფიაში. Trax და DJ magazine-მა ამ ტრეკს 2005 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრის სტატუსი მიანიჭეს. გარდა პროდუსერული საქმიანობისა, Tiefschwarz გამოირჩევა სხვისი კომპოზიციების საინტერესო ინტერპრეტაციით, რის გამოც ისინი ერთ-ერთ საუკეთესო რემიქსერებად ითვლებიან. მხოლოდ 2006 წელს მათ გააკეთეს რემიქსები ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის, როგორებიც არიან Depeche Mode, Madonna, Roxy Music და Booka Shade. ამავე წელს მათ დაარსეს საკუთარი ლეიბლი Souvenir, რომელიც ბევრი საინტერესო არტისტის პლატფორმად იქცა.

მიუხედავად პოპულარულობის ხარისხისა, Ali და Basti ამბობენ, რომ "ზოგჯერ აუცილებელია საკუთარი თავის განზე გაყვანა და მოშორება მეინსტრიმისგან, რათა მუსიკალური განვითარება და წინსვლა შესაძლებელი გახდეს."

Tiefschwarz ქართველ მსმენელს კარგად იცნობს, და ქართველი მსმენელიც დიდი ხანია აფასებს მათ მუსიკას, ამიტომ მათი შეხვედრა Gem Fest-ზე ნამდვილად საინტერესო იქნება. Ali და Basti ანაკლიაში 3 აგვისტოს დაუკრავენ და Space სცენას Livio & Roby, Anna Hanna და Fleyta-სთან გაიყოფენ. იმავე დღეს მთავარ სცენაზე კი შეგეძლებათ მოუსმინოთ Ellen Allien-ს David August-ის ლაივს, Vako Key-ს და Gem Fest-ის რეზიდენტ დიჯეების სეტებს.

კომენტარები