რეკლამა

WhoMadeWho - დანიური ბენდი Gem Fest-ზე 5 აგვისტოს დაუკრავს

„სასაცილოა, მაგრამ წლების წინ ჩვენს ცხოვრებაში იყო მომენტი, როდესაც ვფიქრობდით, რომ თუ ყველაფერი მინიმუმ ორმაგად უკეთ არ წავიდოდა, ჩვენ მუსიკას თავს დავანებებდით. ამაზე სერიოზულად ვფიქრობდით“ – WhoMadeWho-ს ეს მომენტი დაახლოებით 2009-2010 წლებში დაუდგა, თუმცა, რადგან მათ ძალიან მალე ანაკლიაში ვიხილავთ, გასაგებია, რომ საბედნიეროდ, ეს გადაწყვეტილება მათ არასდროს მიუღიათ.

დანიური ექსპერიმენტული პოპ ტრიო 2003 წელს ჩამოაყალიბა სამმა მეგობარმა, თუმცა სიტყვა პოპი ძალიან მარტივი დახასიათება იქნებოდა იმ ჟღერადობისთვის, რომელსაც WhoMadeWho უკვე 10 წელზე მეტია სთავაზობს მსმენელს. Jeppe Kjellberg ჯაზ გიტარისტია, Tomas Barfod დრამერი, ხოლო Tomas Høffding ბენდის ფრონტმენი და ბასისტი.

სხვადასხვა მუსიკალური ბეგრაუნდი არტისტებს თავიდან ხელს უშლიდა შეექმნათ სტაბილური საუნდი, რომელსაც ბენდი გაჰყვებოდა, თუმცა მოგვიანებით მათ შეძლეს როკის, ელექტრონიკას და ფანკის სინთეზი, რამაც მათი სამარკო ჟღერადობა ჩამოაყალიბა.

„ელექტრონიკა? პირველად როცა ეს სიტყვა გავიგე, იგი ჩემთვის ასოცირდებოდა დიჯეისთან, რომელიც მსმენელისთვის უკრავდა. ჩემთვის, როგორც როკის სამყაროდან მოსული ადამიანისთვის, სრულიად გაუგებარი იყო, როგორ უნდა მომხდარიყო ელექტრონული მუსიკის ინტეგრირება ბენდში. როდესაც Satisfaction-ის ქავერი ჩავწერეთ, ორიგინალური ვერსია არც კი მომესმინა, შემდეგ მოვუსმინე და გაკვირვებული დავრჩი. ამის შემდეგ სხვაგვარად შევხედე ელექტრონულ ჟღერადობას“, - იხსენებს Tomas Høffding.

დაარსებიდან 2 წელიწადში, 2005 წელს მათ სახელობითი ალბომი გამოუშვეს - Gomma Records. ეს ლეიბლი 2010 წლამდე მათი შემდეგი ალბომების სახლადაც იქცა, სანამ WhoMadeWho ოფიციალურად არ გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანული ლეიბლის, Kompakt-ის წევრი. თუმცა სანამ Kompakt იზრუნებდა მის პოპულარობაზე, 2007 წელს ერთი საინტერესო შემთხვევა მოხდა, რამაც ძალიან შეუწყო ხელი დანიური ბენდის პოპულარობის ზრდას. ამ წელს ესპანეთში ტარდებოდა პოპულარული ფესტივალი Benicàssim festival, რომლის ჰედლაინერიც უნდა ყოფილიყო ბრიტანული ბენდი Klaxons, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო მათი ლაივი გადაიდო, მათთვის განკუთვნილი დრო კი დაეთმო WhoMadeWho-ს, რომელმაც ეს შანსი იდეალურად გამოიყენა და შედეგმაც არ დააყოვნა. მომდევნო წლებში მათ ისეთ მუსიკალურ პროექტებთან მოუწიათ სცენაზე გამოსვლა, როგორებიც არიან Daft Punk, Soulwax, Hot Chip, Justice და LCD Soundsystem. უფრო მეტიც, ერთ-ერთი ასეთი ლაივის შემდეგ Hot Chip-მა დანიელ მუსიკოსებს თხოვა მათი ერთ-ერთი კომპოზიციისთვის რემიქსის გაკეთება, რისი შედეგიცაა Tv Friend-ის რემიქსი. მოგვიანებით WhoMadeWho-ს სინგლები გაარემიქსეს მსოფლიოში ცნობილმა სხვა არტისტებმაც, მათ შორის Tale Of Us, DJ Koze, Digitalism , Michael Mayer, Maceo Plex.

როგორც უკვე აღვნიშნე, Kompakt Records ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა იყო დანიური ბენდისთვის. ამ ლეიბლისთვის მათ ზედიზედ ორი ალბომი, Knee Deep და Brighter გააკეთეს 2011-2012 წლებში. WhoMadeWho-ს ბოლო ალბომი კი შარშან , 2014 წელს გამოვიდა Darup Associates-ზე. Gem Fest-ის ფარგლებში WhoMadeWho ლაივს 5 აგვისტოს დაუკრავს. ამავე დღეს მთავარ სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან შვეიცარიელი დიჯეი Luciano, ქართული ბენდი Loudspeakers, ასევე დიჯეები Nakadia და Bero. მეორე სცენაზე, Space-ზე კი დაუკრავენ Nastia, Robosonic , Andre Crom, Roustam, Kolford, Anrilov და Gem Fest-ის რეზიდენტ დიჯეები.

 

კომენტარები