მცოცავი ოკუპაცია

პრეზიდენტი: ყოველი გავლებული მავთულხლართი იყო, არის და იქნება მიუღებელი

facebook.com/Margvelashvili

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყოველი გავლებული მავთულხლართი იყო, არის და იქნება აბსოლუტურად მიუღებელი. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ტუსკი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

"ყოველი საქართველოს მოქალაქისთვის და, ბუნებრივია, ჩემთვის პირადად, თითოეული აღმართული ნიშანი, რომელიც გამოხატავს ისტორიულ-სამართლებრივ უსამართლობას ჩვენი სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე, ყოველი გავლებული მავთულხლართი არის აბსოლუტურად მიუღებელი - მიუღებელი არის, იყო და იქნება მომავალშიც. ჩვენ გვტკივა თითოეული ასეთი ფაქტი.

უმნიშვნელოვანესია ამ რთულ ვითარებაში შევინარჩუნოთ კარდინალური ხაზი, შევინარჩუნოთ სტრატეგიული ხაზი და არა ემოციებით, არამედ მშვიდი გონებით დავგეგმოთ ამ პროვოკაციებთან თუ ამ ტიპის ზეწოლასთან კოორდინირებული პასუხი. ამ პასუხს გააჩნია რამდენიმე კომპონენტი - პირველი არის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ დღეს. დღეს, ფაქტობრივად, ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან გვესმის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების და ჩვენი სუვერენიტეტის. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც ზურგს უმაგრებენ საქართველოს საერთაშორისო არენაზე.

საქართველო არ ჩერდება და არ აჩერებს თავის განვითარებას, არამედ ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში, კიდევ უფრო მეტ ქვეყანას აზიისა და ევროპის კონტინენტებზე აკავშირებს ერთმანეთთან და ხდება ქვეყანა, რომლის სტაბილურობა, განვითარება, სუვერენიტეტი არის საინტერესო და მნიშვნელოვანი მოთამაშეებისათვის, როგორც აზიაში, ასევე ევროპაში.

და ბოლოს, ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ საზოგადოების კონსოლიდაციას იმ ღირებულების ირგვლივ, რასაც ჰქვია სიმშვიდე, ამ ვითარების მშვიდი გადაწყვეტა, ნაკლები პოლიტიკური სპეკულაცია ამ საკითხზე, ერის და ქვეყნის გაერთიანება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. შედეგად ყოველივე ეს მოგვცემს წარმატებას და გამარჯვებას ამ მიმართულებით", - თქვა პრეზიდენტმა.

კომენტარები