ვითარება ციხეებში

NGO-ები სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადებაზე შეშფოთებას გამოთქვამენ

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. 4 ივლისს, ტელეჟურნალისტებთან საუბრისას, მინისტრმა უარყო სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ქალ მსჯავრდებულთა სრული შემოწმების ფორმით გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების თაობაზე და აღნიშნა, რომ "ბატონი უჩა გვაოცებს ხოლმე თავისი ნოვაციური აღმოჩენებით". ორგანიზაციების მოსაზრებით, სახალხო დამცველის მიერ ქალ მსჯავრდებულთა ე.წ. სრული შემოწმების პროცედურის უარყოფით შეფასებაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პასუხი, ერთი მხრივ, ხელს არ უწყობს პენიტენციური სისტემის რეფორმირების პროცესს, მეორე მხრივ, კი შეურაცხმყოფელია და ახდენს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციას.

"მიგვაჩნია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო, შეურაცხმყოფელი განცხადების ნაცვლად, დაინტერესებული უნდა იყოს პენიტენციური სისტემის მეტი გამჭვირვალობითა და ანგარიშვალდებულებით, ასევე - სახალხო დამცველთან კონსტრუქციული თანამშრომლობით.

მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, პენიტენციურ სისტემაში ქალ მსჯავრდებულთა ღირსების შემლახავ შემოწმებასთან ერთად, კვლავ პრობლემად რჩება პატიმრების ხარისხიანი ჯანდაცვით, ჰიგიენური საშუალებებითა და ხანგრძლივი პაემნით უზრუნველყოფა, რაც სახელმწიფოს მხრიდან დამატებით ძალისხმევას საჭიროებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს:

გადახედოს ქალ მსჯავრდებულთა ე.წ. სრული შემოწმების არსებულ პროცედურას და შეუსაბამოს იგი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ ადამიანის პატივისა და ღირსების შესაფერის მოპყრობას.

მიიღოს სათანადო ზომები პატიმრების ხარისხიანი ჯანდაცვით, ჰიგიენური საშუალებებითა და ხანგრძლივი პაემნით უზრუნველყოფის კუთხით", - წერია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: ადამიანის უფლებათა ცენტრი; ციხის საერთაშორისო რეფორმა; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საზოგადოებრივი დამცველი და საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო".

კომენტარები