აქციზის გადასახადი

თამბაქოზე დღეიდან ახალი ტიპის გადასახადი ამოქმედდა

მიკაელა რელე / REUTERS

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, დღეიდან თამბაქოს ნაწარმზე (ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე) ახალი ტიპის, ეგრეთ წოდებული ადვალური გადასახადი შევიდა ძალაში. თითოეული დასახელების სიგარეტისთვის ახალი გადასახადი მისი სარეალიზაციო ფასის 5% იქნება, რაც თითოეული დასახელების თამბაქოს ნაწარმის ფასზე 5%-იანი გაძვირებით აისახება.

თამბაქოს მოვაჭრეების თქმით, სიგარეტის ფასი ახალი პარტიის შემოტანამდე არ მოიმატებს. თუმცა, ზოგი არ გამორიცხავს, რომ მომხმარებლებისთვის ღირებულება უკვე ხვალიდან გაიზარდოს.

წელს აქციზური მარკის ფასის ზრდის გამო სიგარეტის ფასი ერთხელ უკვე გაიზარდა. პირველი იანვრიდან სახელმწიფომ ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი 15 თეთრით, უფილტრო სიგარეტის აქციზის ფასი კი 5 თეთრით გაზარდა.

აქციზის გაძვირებას თან ორი ძირითადი უარყოფითი შედეგი მოსდევს: პრიველი ეს არის დაუნთრეიდინგი, როდესაც მომხმარებლები სიგარეტის გაძვირების გამო უფრო იაფიან ალტერნატივებზე გადადიან. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიზანი, სიგარეტის უარყიფითი გავლენისგან დაიცვან მოსახლეობა, პირიქით, გაზრდილი ზიანით იცვლება, რადგანაც ზოგადად დაბალხარისხიანი თამბაქოს ნაწარმი უფრო ძვირიან ალტერნატივებთან შედარებით უფრო მავნებელია. მეორე თანმდევი პრობლემა კი ინფლაციის ზრდაა. იმის გამო, რომ სიგარეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქონელია, აქციზის გაძვირებით მისი ფასის ხელოვნური ზრდა ინფლაციაზეც ახდენს გავლენას.

სახელმწიფოს მიერ თამბაქოს ნაწარმზე დამატებითი გადასახადების შემოღება მიზნად სიგარეტის ფასის ზრდას ისახავს, რაც შემდეგ სიგარეტის გაყიდვების მოცულობის კლებაში უნდა გამოისახოს. შედეგად კი ბაზარზე მომხმარებლები უფრო ნაკლებ სიგარეტს ყიდულობენ, რითიც მთავრობები, გავრცელებული შეხედულებით, თამბაქოს მომხმარებლების ჯანმრთელობას იცავენ.

 

კომენტარები