UEFA-ს სუპერთასი

სიჭინავა: ბილეთები სალაროებში გაიყიდება, BILETEBI.GE პროცესიდან გადის

ზვიად სიჭინავა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას ინფორმაციით, UEFA-ს სუპერთასის ბილეთები სალაროებში გაიყიდება. სიჭინავამ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში განაცხადა, რომ BILETEBI.GE პროცესიდან გავიდა და UEFA-მ სიტყვიერი თანხმობა ფერედაციას უკვე მისცა. მანვე აღნიშნა, რომ უკვე ნაყიდი ბილეთები მომხმარებელს შეუნარჩუნდება.

"UEFA-სთან გვქონდა მიმოწერა და დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოგვივიდა სიტყვიერი თანხმობა. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიყავით მზად, რომ პირველად დიდ თამაშზე სალაროებიდან გაიყიდოს. ამიტომ, შეხვედრა გვექნება, როგორ მოვახერხებთ ამას. ჩვენ დავიწყებთ ბილეთების ბეჭდვას და რამდენიმე დღეში მივაწოდებთ გულშემატკივრებს. ბილეთები სალაროებში გაიყიდება" - განაცხადა სიჭინავამ და აღნიშნა, რომ BILETEBI.GE-ზე სულ 2063 ბილეთი გაიყიდა.

მისივე თქმით, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან ბოლო წლებში UEFA-ს ამ დონის მატჩის ბილეთები სალაროებში არ გაუყიდია და მხოლოდ ონლაინ რეალიზაციას ახდენდა.

UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-ზე დილის 09:00-ზე დაიწყო. თუმცა, ვებგვერდის ადმინისტრაციამ რიგი რამდენჯერმე შეაჩერა. რის გამოც, მომხმარებლები დაწინაურებას ვერ ახერხებდნენ. ამის გარდა, გულშემატკივრების ნაწილის ინფორმაციით, მათი რიგის მოსვლის შემდეგ, ვებგვერდმა "გამოაგდო" და რიგის ბოლოს აღმოჩნდნენ. BILETEBI.GE-მ UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დღეს, 21:30-ზე შეწყვიტა. ჯამში, ქართველი გულშემატკივრისთვის 24 000 ბილეთი უნდა გაიყიდოს.

ამასთან, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს. მისი თქმით, ფეხბურთის ფედერაცია არ გამორიცხავს, გარეშე პირები ცდილობდნენ, ხელოვნურად შექმნან პრობლემები. 

UEFA-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა, რომელზეც ბარსელონა და სევილია ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თბილისში 11 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები