მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

კომიტეტმა მარიხუანის მოხმარების გამო პატიმრობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

salon.com

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მარიხუანის მოხმარების გამო სისხლის სამართლის კოდექსიდან პატიმრობის ამოღებას მხარი დაუჭირა. გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო პაკეტი ნაწილობრივ გაიზიარა 6-მა დეპუტატმა, ერთი - ფრაქცია ქართული ოცნება - კონსერვატორების თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კაჭახიძე კი წინააღმდეგ წავიდა.

კომიტეტმა მარიხუანის მოხმარების სრულ დეკრიმინალიზაციას მხარი არ დაუჭირა ანუ კანონპროექტის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსით მოქმედი სხვა სანქციები - არასაპატიმრო სასჯელები, მათ შორის, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ჯარიმა, კვლავ იმოქმედებს.

დღესვე, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ადმინისტრაციულ კოდექსში წარმოდგენილ ცვლილებებსაც დაუჭირა მხარი. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ჯარიმები უნდა შემცირდეს. 

"ლიბერალური მიდგომის მომხრე ვარ. ჩემთვის პრინციპი მისაღებია, რომ ნაკლები იყოს სანქცია - პატიმრობის ნაცვლად იყოს ალტერნატიული სასჯელი", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

დეპუტატ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების (კანაფი, კანაფის ფისი და მარიხუანა) პირველ ჯერზე მოხმარება 500 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით. ავტორის ინიციატივით, ასევე ჩამოთვლილ მსუბუქ ნარკოტიკებზე არ გავრცელდება 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

კანონპროექტზე კიდევ რამდენიმე კომიტეტმა უნდა იმსჯელოს. მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე. 

 

კომენტარები