საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა

ენმ: დევნილთა საცხოვრებლების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 10 მილიონი გაიფლანგა

https://www.facebook.com/nacionalurimodzraoba

დევნილთა საცხოვრებლების სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი 10.2 მილიონი ლარი გაიფლანგა. არამიზნობრივად დახარჯული თანხის 85% სახელმწიფომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ავანსად ჩაურიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გაავრცელა. ნადირაშვილის თქმით, ეს მაგალითები კარგად აჩვენებს, თუ როგორ უპასუხისმგებლოდ ეპყრობა დევნილთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებს. ობიექტების უმრავლესობა დაუმთავრებელია, ზოგიერთი მათგანი კი ინგრევა და საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. 

ენმ-მ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის რამდენიმე მაგალითი წარმოადგინა:

1) გორის ყოფილი საავადმყოფოს შენობა, რომელიც რეაბილიტაციის შემდეგ 65 ოჯახზე იყო გათვლილი. ტენდერი 2014 წელს გამოცხადდა, მასში შპს NBG-მა გაიმარჯვა, პროექტის ღირებულება 1.1 მილიონი იყო. რეაბილიტირებული შენობა ექვსი თვის შემდეგ ჩამოინგრა, ამჟამად ეკონომიკის სამინისტრო ცდილობს მის პრივატიზებას.

2) ქუთაისი, ყოფილი "აისის" ქარხნის შენობა, რომელიც რეაბილიტაციის შემდეგ 96 ბინაზე იყო გათვლილი. ტენდერი 2013 წელს გამოცხადდა, მასში შპს ნიუ ქონსთრაქშენმა გაიმარჯვა, პროექტის ღირებულების 87% სახელმწიფომ კომპანიას ავანსად გადაუხადა. დღეისათვის შენობა დაკონსერვებულია, შემდგომი ბედი უცნობია.

3) ქუთაისი, ავტომშენის ქუჩა, რომელშიც რეაბილიტაციის შემდეგ 72 ოჯახს უნდა ეცხოვრა. ტენდერი 2014 წელს გამოცხადდა, მასშიც შპს NBG-მა გაიმარჯვა, სახელმწიფომ შენობის სარეაბილიტაციო თანხა ანუ 1.1 მილიონი, კომპანიას ერთიანად ავანსად გადაუხადა. ობიექტის დასამთავრებლად სამინისტრომ ტენდერი ხელმეორედაც გამოაცხადა. პროექტის დასრულების სავარაუდო ღირებულება კიდევ 500 ათასი იქნება. 

4) ვაზიანის სამხედრო დასახლება, კორპუსი #2 და კორპუსი #3. ტენდერი 2013 წელს გამოცხადდა, მასში კვლავ შპს NBG-მა გაიმარჯვა. სახელმწიფომ კომპანიას პროექტის ღირებულება 2.6 მილიონი ლარი ავანსად ჩაურიცხა. შენობა 2014 წელს უნდა ჩაბარებოდა დამკვეთს, თუმცა ამ დროისთვის ორივე კორპუსი მიტოვებულია, ინგრევა და ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. 

5) ვაზიანის სამხედრო დასახლება, კორპუსები #5 და კორპუსი #6. ტენდერი 2013 წელს გამოქვეყნდა, მასში კომპანია ტრანსმშენმა გაიმარჯვა, პროექტის ღირებულების 100% ანუ 2.4 მილიონი ლარი ავანსად იქნა გადახდილი. ობიექტი დამკვეთს 2014 მაისში უნდა ჩაბარებოდა.

6) ვაზიანის სამხედრო დასახლება, კორპუსები #1 და კორპუსი #4. ამ ტენდერშიც კომპანია ტრანსმშენმა გაიმარჯვა, პროექტის ღირებულების 100% ანუ 1 მილიონი ავანსად იქნა გადახდილი.

ენმ-ის მიერ გავრცელებული სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის მონაცემები ძირითადად დევნილთა წინა მინისტრის დავით დარახველიძის მმართველობის პერიოდს ემთხვევა.

 

კომენტარები