კობიაშვილის განცხადება

კობიაშვილი: სფფ-ში საქმის კეთების კომპეტენცია და პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ

ლევან კობიაშვილი
skysports.com

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ამჟამად კი სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. კობიაშვილი ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც გაირკვა, რომ ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი პოლონეთის წინააღმდეგ, შეცდომით გამოტოვა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დაუდევრობის გამო სრულიად უსაფუძვლოდ გამოატოვებინა შესარჩევი მატჩები.
თუნდაც მხოლოდ ამის გამო არ აქვს ფედერაციის ხელმძღვანელობას არანაირი მორალური უფლება, დარჩეს ქართული ფეხბურთის სათავეში. ისინი ვალდებულნი არიან, გულშემატკივარს მოუხადონ ბოდიში და სასწრაფოდ დანიშნონ არჩევნები, რათა ცივილური ფორმით ჩამოშორდნენ იმ საქმეს, რომლის კეთების არც კომპეტენცია და არც პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ!" - წერს ლევან კობიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრესაში გავრცელდა პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზბიგნევ ბონეკის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ ყოველი შესარჩევი მატჩის წინ უეფა ფეხბურთის ფედერაციებს უგზავნის იმ მოთამაშეთა სიას, რომლებიც ან დისკვალიფიცირებულნი არიან, ან ამ საფრთხის წინაშე იმყოფებიან. როცა ფეხბურთელის გასწვრივ არის "ვარსკვლავი", ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის დისკვალიფიცირებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელი მომდევნო ყვითელი ბარათის შემთხვევაში ტოვებს მატჩს. როგორც ჩანს, სფფ-ში ვერ გაერკვიენ სიტუაციაში და ჯაბა კანკავამ (ვისაც მხოლოდ ორი ბარათი ჰქონდა მიღებული), აღნიშნული მატჩი ტყუილად გამოტოვა.

ასევე გუშინვე, sportall.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევრო 2016-ის მიმდინარე შესარჩევში გიბრალტართან შეხვედრა იმავე მიზეზით გამოტოვა ბუბა დაუშვილმაც.

 

კომენტარები