თბილისის მერია

გიორგობიანი: მტაცებლების ნახვაზე ცრუ გამოძახებები მინიმუმზე უნდა დავიდეს

თბილისის მერიაში მტაცებელი ცხოველების ძებნის ოპერაციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა სამძებრო სამუშოებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი შეაჯამეს და ის სარეკომენდაციო ინფორმაცია მოამზადეს, რომელიც მოსახლეობას ვეფხვისა და ზოლებიანი აფთრის ძებნის ოპერაციასთან დაკავშირებით მიეწოდება.

კერძოდ, თბილისის მერიის ცნობით, რეკომენდაციები შეიცავს ცხოველთა ქცევის წესებთან და მათ მახასიათებლებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მოსახლეობას ასევე ეცნობება, რას უნდა მიაქციონ ყურადღება და რა ტიპის ტერიტორიები მიეკუთვნება რისკის ზონას.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, სპეციალისტების ეფექტური მუშაობისთვის ცრუ გამოძახებების მინიმუმამდე დაყვანაა აუცილებელი.

„ის ადამიანები, ვინც ავრცელებენ ინფორმაციას, რომ, თითქოს, შემოესმათ ვეფხვის ღრიალი, გეტვით, რომ ვეფხვი არ ღრიალებს. ამ ტიპის რეკომენდაციები იქნება შემუშავებული, რათა ცრუ განგაშები მინიმუმზე დავიდეს. ჩვენს სპეციალისტებსა და სამსახურებს უნდა დარჩეთ უფრო მეტი დრო, საშუალება და რესურსი, რომ ნამდვილ შეტყობინებაზე მოახდინონ დროული რეაგირება“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა. 

თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის თქმით, უკვე გავრცელებულია ფოტომასალა, თუ როგორ გამოიყურება მტაცებლების ანაბეჭდები.

„იძებნება ვეფხვი და ზოლებიანი აფთარი. ზოლებიანი აფთარი ნაკლებად სახიფათო ცხოველია, რაც შეეხება ვეფხვს, არავინ ეცადოს ვეფხვთან მიახლოებას და რაიმე კონტაქტის დამყარებას. ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და დიდი თხოვნა მაქვს, შეწყდეს ცრუ ინფორმაციის გავრცლება. სოციალურ ქსელში ჩვენ უკვე გავავრცელეთ ფოტომასალა, თუ როგორ გამოიყურება ანაბეჭდების კვალი“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

 

კომენტარები