რა ეკონომიკური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მაღალმთიანი რეგიონების კანონპროექტს

rackcdn.com

პარლამენტმა დღეს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ინიციატივა ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების კომიტეტში მოისმინეს. კანონპროექტის მიხედვით მაღალმთიანი სტატუსის მქონე ტერიტორიაზე საგადასახადო შეღავათები დაწესდება, ასევე მოქალაქეები გაზრდილ სოციალურ დახმარებას მიიღებენ. გადასახადის გადამხდელთა კავშირის დირექტორის გიგლა მიქაუტაძის შეფასებით კანონს ბუტაფორიული სახე აქვს და მოსახლეობას ფორმალურად სოფლად ჩაწერისკენ უბიძგებს. საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტის ბესო ნამჩავაძის შეფასებით კი კანონმა მართალია მთის რეგიონებში ეკონომიკური ბუმი შეიძლება არ გამოიწვიოს, თუმცა გადასახადებისგან თავიუსაფლი ადგილების რაოდენობის ზრდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

"მაღალმთიანი დასახლებები, ინარჩუნებენ ქვეყნის კულტურულ ღირებულებებს, აქვთ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა, ამასთან, მათ წინაშე მდგარი გამოწვევები, ტურიზმის განვითარების კუთხით, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას."- ნათქვამია კანონის განმარტებით ბარათში. კანონპროექტის მიხედვით მთის მუდმივმაცხოვრებლის სტატუსის მქონე მოქალაქეები 20%-ით გაზრდილ პენსიას მიიღებენ. ასევე მათ დაუწესდებათ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარების შეღავათები. მთის კანონი საგადასახადო შეღავათების ნუსხასაც შეიცავს. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე ბიზნესები რიგ საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ. 

საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის დირექტორის გიგლა მიქაუტაძის შეფასებით მთის კანონი ბუტაფორიულ ხასიათს ატარებს და ის მოსახლეობას უბიძგებს, რომ ფიქტიურად მთიან ტერიტორიაზე ჩაეწერონ საცხოვრებლად. "კანონი ბუტაფორიულ ხასიათს ატარებს, რადგან ის არაფრის მომტანი იქნება. მთიან რეგიონებს აქვთ გაცილებით სიღრმისეული პრობლემები და მათი მოგვარება ასეთი სახის მცირე დანამატებით არ მოხდება. მისი რეალური შედეგი იქნება ის, რომ ხალხი ფორმალურად ჩაეწერება სოფელში, რათა მიიღოს მეტი პენსია."

მიქაუტაძის შეფასებით საქართველოში ისედაც არ არის მაღალი გადასახადების დონე და მისი მცირედით შემცირების გამო ბიზნესსქტორი ქარხქნების მთიან რეგიონებში გახსნას არ დაიწყებს." საქართველოში საგადასახდო ტვირთი ისედაც არ არის დიდი, ამიტომ შეღავათების გამო ქარხანას თუშეთში არავინ გახსნის. თავისუფალი ეკონომიკური ზონებიც კი ვერ დაიტვირთა ბოლომდე, სადაც ასევე მოქმედებს საგადასახადო შეღავათები. გარდა ამისა, გაუგებარია სხვა რეგიონები რატომ იჩაგრებიან. დემოგრაფიული პრობლემები და სიღარიბე ბარის ბევრ სოფელში არსებობს, რომლებიც ასევე მდებარეობს საზღვრისპირა ნაწილებში."

საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტის ბესო ნამჩავაძის შეფასებით უმჯობესი იქნება, თუკი საქართველოს საგადასახადო სისტემაში მეტი დეცენტრალიზაცია იქნებოდა. "უკეთესი იქნებოდა მეტი დეცენტრალიზაცია გქონდეს და თავად მთის მოსახლეობა წყვეტდეს მნიშვნელოვანწილად რა დონის გადასახადები სურთ."

კომენტარები