მონეტარული პოლიტიკა

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას დადებითად აფასებს

worldbank.org

მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP პროგრამის მმართველი კრისტიან მალდერი საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების მართვის პოლიტიკას დადებითად აფასებს. ამის შესახებ კრისტიან მალდერმა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილთან და ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კრისტიან მალდერის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ-ი) მსოფლიო ბანკის რეზერვების მართვის პროგრამის ერთ-ერთი საუკეთესო წევრია.

"მსოფლიო ბანკის ხაზინა და საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობენ რეზერვების მართვის სფეროში. 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პროგრესი შთამბეჭდავი იყო. სებ-ი არის მსოფლიო ბანკის რეზერვების მართვის პროგრამის ერთ-ერთი საუკეთესო წევრი, როგორც აქტიურობით, ასევე საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის კუთხით", - განაცხადა კრისტიან მალდერმა.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება, საუბარი შეეხო ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ გაცვლითი კურსის პოლიტიკას და სავალუტო ინტერვენციების გამოყენებას. კრისტიან მალდერის თქმით, მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს ეროვნული ბანკის პოლიტიკას და მიიჩნევს, რომ დიდი რაოდენობით სავალუტო ინტერვენციების განხორციელება გამოსავალი არაა. - "მიგვაჩნია, რომ დიდი რაოდენობით ინტერვენციების განხორციელება არ არის გამოსავალი. საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა, ჩაერიოს ძალიან ზომიერად და გონივრულად, არის ნამდვილად ოპტიმალური ინტერვენციების განხორციელების მხრივ. ეროვნულ ბანკს შეუძლია ჩაერიოს და განახორციელოს ინტერვენციები, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად, სხვა შემთხვევაში რეზერვები დაიკარგება, რითაც საფრთხე შეექმნება ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობას. ამიტომ ცენტრალურმა ბანკმა უნდა იმოქმედოს ძალიან ფრთხილად ინტერვენციების განხორციელებისას, რასაც აკეთებდა კიდეც ეროვნული ბანკი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში".

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის თქმით, პროგრამაში მონაწილეობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სებ-ის რეზერვების მართვისა და რისკების მართვის პროცესის ეფექტიანობა, განხორციელდა ეტაპობრივი გადასვლა სავალუტო რეზერვების პასიური სტილით მართვიდან პორტფელის აქტიურ მართვაზე. "რეზერვების მართვის აქტიურმა სტილმა საშუალება მოგვცა ორჯერ მეტი შემოსავლები მიგვეღო, გლობალურ ბაზრებზე არსებული საპროცენტო განაკვეთების პირობებში, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა პასიური მართვის დროს", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამა (RAMP) მსოფლიო ბანკმა 2001 წელს შეიმუშავა და მის ფარგლებში ბანკი სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს სავალუტო რეზერვების ეფექტური მართვისთვის უწევს საკონსულტაციებს.

კომენტარები