მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

კანცელარიასთან მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ითხოვენ

2 ივნისი/FB.COM

სახელმწიფო კანცელარიასთან მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, მარიხუანის მოხმარების გამო შეწყდეს ადამიანების დაპატიმრება და იძულებითი ნარკოტესტირება.

"ჩვენ ხელისუფლებისგან მოვითხოვთ საქართველოს კანონმდებლობაში ისეთი ცვლილების შეტანას, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს აღარ დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კანაფისა და მისგან წარმოებული პროდუქტების მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით შენახვის გამო.

ასევე მოვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო, ცივილიზებული სახელმწიფოსთვის შეუფერებელი და სამარცხვინო პრაქტიკის - შემთხვევითი შერჩევის წესით მოქალაქეთა დაკავების და მათი იძულებითი ნარკოტესტირების შეწყვეტას.

ისეთი ნარკოკანონმდებლობის არსებობა, რომელიც უარყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, არ პასუხობს ცივილიზაციის თანამედროვე გამოწვევებს და არის ყველა მახასიათებლით არაჰუმანური, შეუძლებელია, არ აღელვებდეს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა თავისუფლებისმოყვარე და კულტურულ ადამიანს.

გადავარჩინოთ ჩვენი თანამოქალაქეები დაკანონებული ბოროტებისგან. კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ადამიანების დევნა მარიხუანის მოხმარების გამო. ერთად შევცვალოთ უსამართლო ნარკოკანონმდებლობა!", - მოითხოვენ აქციის ორგანიზატორები.

მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა. რაც იმას ნიშნავს, რომ ინიციატივას კომიტეტებში განიხილავენ. კანონპროექტის განხილვის წამყვანად ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაასახელა. კანონპროექტის შესახებ სავალდებულო დასკვნები ჯანდაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა უნდა მოამზადონ. ინიციატივა დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ 28 მაისს დაარეგისტრირა.

დღვანდელი აქცია 21:00-მდე გაგრძელდება. მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ბოლნისშიც ითხოვენ. აქციების ორგანიზატორი მოძრაობა 2 ივნისია.

კომენტარები