სოფლის მეურნეობა

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 4%-ით გაიზარდა

Getty Images

საქართველოში აღრიცხული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 1.43 მილიონს შეადგენს, რაც გასული წლის პირველი კვარტლის მონაცემებს 4%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

საქსტატის ცნობით, ასევე გაზრდილია რძისა და ხორცის წარმოება. წლის პირველ კვარტალში გამომუშავებული რძის მოცულობამ 114 მილიონი ლიტრი შეადგინა. გადამუშავებული ხორცის მოცულობამ კი - 9.5 ათასი ტონა შეადგინა. მსხვილფეხა საქონლის რაოდენობისა და გადამუშავებული ხორცის რაოდენობის ზრდა ბაზარზე არსებულ ხორცის ფასზე დადებითად აისახება. თხისა და ცხვრის საერთო სულადობა კი 1.16 მილიონს შეადგენს, რაც წინა წლის მონაცემებს 1%-ით აღემატება. აღრიცხული ღორის სულადობა კი წლის პირველ კვარტალში 22%-ით გაიზარდა და 237 ათასი შეადგინა. 

2015 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის საქართველოში აღრიცხული ფრინველის რაოდენობამ 8.3 მილიონი ფრთა შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებს 7%-ით აღემატება. პირველ კვარტალში გამოშვებული კვერცხის მოცულობამ კი 137 მილიონი ცალი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება. 

საქსტატის მონაცემები წინასწარია, სოფლის მეურნეობის სტატისტიკის დაზუსტებული მონაცემები 2016 წელს გამოქვეყნდება. 

კომენტარები