მუშების გაფიცვა

თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე მომუშავე გაფიცულ მუშებს ენმ-მ ადვოკატები გამოუყო

ტაბულა

თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე მომუშავე გაფიცული მუშების, რომლებიც ანაზღაურების გაზრდასა და ჰიგიენური ნორმების დაცვას ითხოვენ, ინტერესებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაიცავს. პარტია მათ ადვოკატებს გამოუყოფს, რომლებიც მუშებს ახალი სამუშაო კონტრაქტების დადებაში დაეხმარებიან.

აღსანიშნავია, რომ თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულების უმრავლესობას ვადაგასული კონტრაქტები აქვთ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის თქმით, პარტიის მიერ გამოყოფილი ადვოკატები - დათო ჯინჯოლავა და გიორგი ბაბაკიშვილი, მუშების ინტერესებს მანამ დაიცავენ, სანამ მათ ამის სურვილი ექნებათ.

დეპუტატმა ხელისუფლებას მოუწოდა, გაფიცულების საქმით დაინტერესდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცნონ.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის 150-მდე თანამშრომელი უკვე მესამე დღეა, გაფიცულია. ისინი მოთხოვნების შესრულებამდე მუშაობის განახლებას არ აპირებენ.

თანამშრომლებს სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ჰპირდება სiნო ჰიდროს ქართული ფილიალის მენეჯერის მოადგილე გურამ ვახტანგაშვილი. ხელფასის გაზრდის შესახებ მას ზუსტი პასუხი არ აქვს. ვახტანგაშვილი გაფიცულების მხრიდან სხვა თანამშრომლებზე ზეწოლაზეც საუბრობს და მათგან მოთხოვნებისა და გაფიცულების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის წერილობით მიწოდებას ითხოვს. კოლეგებზე ზეწოლას უარყოფენ თავად გაფიცულები.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე დასაქმებული მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პროექტის დამკვეთმა - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა. ფონდის განცხადებით, კერძო კომპანიასა და მათ მიერ დასაქმებულ ადამიანებს შორის დავას საქართველოს შრომის კოდექსი არეგულირებს და ხელფასის მომატების საკითხი მისი გადასაწყვეტი არ არის. ფონდის განცხადებით, მისთვის პრიორიტეტულია როგორც დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებები, ისე პროექტის ხარისხიანად და საკონტრაქტო ვადებში განხორციელება.

გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანია სiნო ჰიდროს წარმომადგენლებს შეხვდა ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე. ლავრენტი ალანია ორივე მხარეს პრობლემის დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს. 

კომენტარები