ოკუპირებული ტერიტორიები

პუტინმა და ხაჯიმბამ ე. წ. ხელშეკრულების რეალიზაცია განიხილეს

kremlin.ru

ვლადიმირ პუტინი აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ე. წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რეალიზაცია განიხილეს.

პუტინმა ხაჯიმბას 9 მაისს მოსკოვში საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთთან ხელმოწერილ დოკუმენტს „მნიშვნელოვანი და შინაარსიანი" უწოდა.

როგორც შეხვედრაზე ხაჯიმბამ განაცხადა, რუსეთთან ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უკვე ხელმოწერილია შეთანხმება მოსკოვსა და სოხუმს შორის საპენსიო უზრუნველყოფისა და საბიუჯეტო სექტორის თანამშრომელთა ხელფასების ზრდის შესახებ. „მიმდინარეობს აქტიური მუშაობა თავდაცვის და სასაზღვრო თემატიკაზე, რუსეთისა და აფხაზეთის შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე", - განაცხადა ხაჯიმბამ.

„ხელშეკრულებას" მოსკოვსა და სოხუმს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელი გასული წლის ნოემბერში მოეწერა.

კომენტარები