პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში

გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტუსკი საქართველოში მოიწვია

facebook.com/Margvelashvili/photos

გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტუსკი საქართველოში მოიწვია და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც მიწვევა მიიღო. როდის ჩამოვა ის საქართველოში, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. გიორგი მარგველაშვილმა და დონალდ ტუსკმა ბრიუსელში შეხვედრისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროინტეგრაციის, რეგიონში უსაფრთხოების, ასევე რიგის სამიტის შესახებაც იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ ევოინტეგრაციული პროცესების მხარდასაჭერად მოქალაქეებთან დიალოგი აწარმოოს. დონალდ ტუსკთან შეხვედრით გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
"მინდა ხაზი გავუსვა პრეზიდენტის წვლილს იმ სერიოზულ პროგრესში, რომელიც მისმა ქვეყანამ ნახა ვიზალიბერალიზაციის პროცესში. ჩვენ შევთანხმდით, გაგვეორმაგებინა ძალისხმევა, რათა მიგვეღწია პროგრესისთვის ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით. ასოცირების ხელშეკრულების ეფექტური შესრულება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება კი კიდევ ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მოგეხსენებათ, მისი დროებითი წინასწარი ფუნქციონირება 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. წინა წელთან შედარებით საქართველოს საექსპორტო მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებში 18%-ით გაიზარდა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრესის მიმართულებით მოძრაობას. დღეს ფაქტობრივად, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებთან დიალოგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხანგრძლივი მხარდაჭერა ზემოთ ხსენებული პროცესებისადმი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქრთველო განვითარებულ ეკონომიკურ ქვეყანდ იქცევა" - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

კომენტარები