ელექტროენერგიის ტარიფი

ენმ: დენის ტარიფის მოსალოდნელი გაძვირება მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია

ka.wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მოსალოდნელი ზრდის საკითხს გამოეხმაურა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი, მიხეილ მაჭავარიანი ბუნებრივი აირის გაძვირების ტენდენციას პირველ რიგში მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს.

მაჭავარიანის თქმით, ლარის დევალვაციამ ამ მიმართულებით გადამწყვეტი როლი შეასრულა, რასაც მოსახლეობის გაღარიბება მოჰყვა. ამის გარდა, მთავრობაც ტარიფის გადახედვის აუცილებლობის წინაშე დადგა.

"მიმდინარე წელს, ჯერ კიდევ თებერვალში, გაკეთდა განცხადება თბილისში კომერციული ობიექტებისათვის ბუნებრივი აირის ტარიფის შესაძლო ზრდაზე. იყო განმარტებები, რომ ყაზტრანსგაზთბილისი ბუნებრივ აირს ყიდულობს უფრო ძვირად, ვიდრე მისი რეალიზაციისგან იღებს. ბუნებრივი აირის გაძვირების ტენდენცია პირველ რიგში მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება. ამ მიმართულებით ლარის დევალვაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. რამაც არა მარტო გააღარიბა ჩვენი მოსახლეობა, არამედ მთავრობაც ტარიფის გადახედვის აუცილებლობის წინაშე დააყენა.

მოგეხსენებათ, 2003 წლამდე საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტთან ერთად ბევრი კორუფციული სქემაც მოქმედებდა. 2003-2012 წლებში ენერგო-სისტემაში განხორციელებული რეფორმის შედეგად კი, საქართველო ელექტრო-დეფიციტური ქვეყნიდან ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნად იქცა. სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ მან არა მარტო ვერც ერთი ენერგეტიკული პროექტი ვერ განახორციელა, არამედ ენერგეტიკის სფერო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

გუშინდელი "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ გაკეთებული განცხადებაც სწორედ საქართველოს მთავრობის ენერგეტიკის სფეროში არსებული არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რადგანაც გაძვირების ერთ-ერთ ფაქტორად ლარის კურსი დასახელდა. საქმე იმაშია, რომ ელექტროენერგიის ტარიფი დათვლილი იყო დაბალ კურსზე. დღევანდელი კურსის პირობებში კი, ენერგოდისტრიბუციის კომპანიები იძულებულები არიან სხვა ქვეყნებში, მყარ ვალუტაში შეძენილი ელექტროენერგია გააძვირონ ლარის კურსის ცვლილების გამო", - განაცხადა მაჭავარიანმა.

მიხეილ მაჭავარიანმა კომენტარი ექსპორტის შემცირებაზეც გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, როდესაც ექსპორტის ბაზრის შერჩევისას ევროპული ბაზის ნაცვლად აქცენტი რუსულ ბაზარზე გააკეთა. ეკონომიკური რეცესიის თავიდან ასაცილებლად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავის მხრივ, მთავრობას მოუწოდებს, დაუბრუნდეს და განიხილოს ენმ-ის მიერ შემოთავაზებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმა - 36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის.

"მეორე თემა დაკავშირებულია ექსპორტის შემცირებასთან. ეს არის ის სამწუხარო ტენდეცია, რომელიც 2014 წლის აგვისტოს თვიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ექსპორტი 2015 წლის იანვარი-მარტის თვეში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია 28%-ით. გამოვყოფ ორ საქონელს: 1. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 2010 წლიდან საექსპორტო პროდუქციის ლიდერი იყო. სამწუხაროდ, 2015 წლის სამ თვეში მხოლოდ 57 მლნ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტმა 152 მლნ დოლარი შეადგინა. 2. მეორე სასაქონლო ნომონკლატურა გახლავთ ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, რომელთა წილი ექსპორტში ბოლო პერიოდში თვალნათლივ შემცირდა.

მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, საქართველოს მთავრობამ ექსპორტის ბაზრის შერჩევისას ევროპული ბაზრის ნაცვლად ორიენტაცია რუსულ ბაზარზე აიღო. შედეგიც სახეზეა! 2014 წლის სამ თვეში შემოსული 47 მლნ დოლარის ნაცვლად, 2015 წლის სამ თვეში მხოლოდ 15 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. ამიტომ, ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მთავრობას, დაუბრუნდეს და განიხილოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთავაზებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების "36-ნაბიჯიანი ევროპული საქართველოსთვის" გეგმა, რომ ქვეყანაში საბოლოოდ არ მივიღოთ ეკონომიკური რეცესია", - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს გაირკვევა, გაძვირდება თუ არა თბილისისა და კახეთის გარდა, მთელი საქართველოსთვის ელექტროენერგიის ტარიფი. ქვეყნის ყველაზე მსხვილმა ელექტრსადისტრიბუციო კომპანია ენერგო-პრომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომპანიას ტარიფის გადახედვის მოთხოვნით უკვე მიმართა. 

კომენტარები