კორუფციული ფაქტები გურჯაანში

ენმ გურჯაანში ანტიკორუფციული მოკვლევის შედეგებს ასაჯაროებს

რუსთავი 2

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები გურჯაანში ანტიკორუფციული მოკვლევის შედეგებს ასაჯაროებენ. გამოქვეყნებულ დოკუმენტში გურჯაანის გამგეობასა და საკრებულოში კორუფციული გარიგებებისა და ტენდერების პირობების დარღვევით ხელშეკრულებების გაფორმების ფაქტებზეა საუბარი. როგორც პარტიაში ამბობენ, რაიონში დაგეგმილი პროექტები განსახორციელებლად ისეთ კომპანიებს გადაეცათ, რომლებიც გამგეობის მაღალჩინოსნების ნათესავებს, ახლობლებსა და მეგობრებს ეკუთვნით. უმცირესობაში იმასაც ამბობენ, რომ არაერთი მსგავსი კომპანია ტენდერის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრეა შექმნილი.

"გამგებლის მოადგილემ მეგობარს ვაჟა შალაშვილს დააფუძნებინა კომპანია და მხოლოდ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით პროექტში გადაურიცხა 90 671 ლარი.

გამგებლის მოადგილემ ძმებს, გიორგი და არჩილ გოგინაშვილებს, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით მისცა პროექტი, თანხით 121 734 ლარი.

საკრებულოს თავმჯდომარემ კონსტანტინე ბერიძიშვილს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დაუმტკიცა 5 პროექტი, თანხით 54 636 ლარი.

თამაზაშვილების კლანის წევრი, ინდმეწარმე ზურაბ გუგულაშვილი, რეგიონში ახორხიელებს 8 პროექტს, თანხით 45 415 ლარი.

გამგეობის აპარატის უფროსის ნატო მამუკაშვილის ბიძამ გურამ მამუკაშვილმა და მამამ ილია მამუკაშვილმა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით მიიღეს 6 პროექტი თანხით 65 697 ლარი.

გურჯაანის ოცნების ორგანიზაციის აქტივისტმა ირმა დათუკიშვილმა გამგეობიდან ერთ პირთან მოლაპარკების გზით მიიღო 6 პროექტი, თანხით 77 800 ლარი", - თქვა პარტიის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა.

გურჯაანის გამგებელთან პრეტენზიები, სხვა მიზეზით, აქვს კიდევ ერთ ოპოზიციურ პარტიას. გაერთიანებული დემოკრატები ამბობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გამგებელმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს თავი ვერ გაართვა და ის უნდა გადადგეს. თავად გურჯაანის გამგებელი ამბობს, რომ ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები