ათონელის რეზიდენცია

კოჟორიძე: არ მსმენია, სახელმწიფოს მეთაური სახელმწიფო შენობიდან გამოესახლებინოთ

კახა კოჟორიძე
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის რეზიდენციის საკითხი გააქტიურებას ინსტიტუტის დისკრედიტაციად აფასებს. გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი, კახა კოჟორიძე კამპანიას პრეზიდენტის მიერ "ხასიათის გამოვლენას" უკავშირებს.

"მთავრობამ იცოდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი რჩებოდა აღნიშნულ რეზიდენციაში. სწორედ ამიტომაც ათონელის რეზიდენცია შეტანილ იქნა საპრივატიზაციო ნუსხაში. უფრო მეტიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მთავრობა ბევრად უფრო ადრე იყო ინფორმირებული პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ. წერილი 2014 წლის ივლისშია გაგზავნილი, რომ პრეზიდენტი აპირებდა ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენას.

სამწუხაროდ, ძალიან მაღალი ალბათობით, ვვარაუდობთ, რომ დღეს ამ საკითხის კვლავ გააქტუალურება უკავშირდება იმ სამწუხარო მოვლენას, რასაც ჰქვია ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანია. ვვარაუდობთ, რომ ეს საკითხი აქტუალური დღეს საერთოდ არ გახდებოდა, პრეზიდენტს რომ თავის დროზე ასეთი "ხასიათი არ გამოევლინა", - თქვა კოჟორიძემ.

კოჟორიძესვე განცხადებით, "ასეთი აბსურდი, რომ სახელმწიფოს მეთაურის, პრაქტიკულად, გამოსახლების საკითხი იდგეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობიდან, არ გამიგია და არ მსმენია არსად."

ათონელის რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია. პრემიერმა სამუშაოებთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის მინისტრის ანგარიში დღეს, მთავრობის სხდომაზე მოისმინა. დავით შავლიაშვილის თქმით, რეზიდენციას ეკონომიკის სამინისტროს გადასცემენ.

მთავრობას რეზიდენციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, შენობა პრეზიდენტისთვის იყო გათვლილი და მის რემონტში დახარჯული თანხის ამოღება რთული იქნება.

მთავრობისაგან განსხვავებით, საკნონმდებლო ორგანოში კვლავ ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის გადასვლის საკითხზე მსჯელობენ. მმართველი კოალიციის წევრების თქმით, გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის ინტერესებზე უნდა იფიქროს და ახლადაშენებულ რეზიდენციაში გადავიდეს.

თავისუფალი დემოკრატების შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა განთავსებულიყო, თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციიდან გადასვლაზე საბოლოოდ უარი თქვა. შენობა იმ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შედიოდა, რომლების გაყიდვითაც ხელისუფლება სავალუტო კრიზისიდან გამოსვლას გეგმავდა. განიხილება მეორე ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც,  ათონელზე საგარეო საქმეთა სამინისტრო განთავსდება, უწყების ახლანდელი შენობა კი გაიყიდება. ათონელის რეზიდენციის  რემონტისთვის 26 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. 

კომენტარები