კახაბერ ნაკანი

ბერძენიშვილი: უმრავლესობა იმისთვისაა უმრავლესობა, რომ სხდომის გახსნა შეეძლოს

ტაბულა

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის ჩაშლის მიზეზი საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი დეპუტატის არდასწრებაც გახდა. ფრაქცია რესპუბლიკელების დეპუტატის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, უმრავლესობას უნდა შეეძლოს სხდომის გახსნა და ზოგიერთი დეპუტატის არდასწრება განხილვის საგანი გახდება.

"უმრავლესობა იმისთვისაა უმრავლესობა, რომ ოპოზიციის პოლიტიკური მოტივების და ქმედებების მიუხედავად, იყოს შემძლე გახსნას სხდომა. რესპუბლიკელების 9 კაციდან 1 მივლინებაშია და რვავე აქ ვართ. უმრავლესობის სხვა ფრაქციებიდან ზოგს აქვს კარგი დასწრება, ზოგს არ აქვს. ბუნებრივია, ეს საკითხიც იქნება განხილული", - თქვა ბერძენიშვილმა.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით კი, პარლამენტში არმყოფ დეპუტატებს საპატიო მიზეზი აქვთ.

რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს, შალვა შავგულიძის განცხადებით, ფრაქციის დეპუტატები "გზაში იყვნენ".

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა. პროტესტის ნიშნად რეგისტრაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა არ გაიარეს. 

ენმ-ის აღმასრულებელი მდივნის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი კახაბერ ნაკანი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია და პლენარულ სხდომაზე არდასწრება პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნაკანის სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებიდან სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს. ჯაფარიძის თქმით, ნაკანზე ციხის ადმინისტრაციისა და კრიმინალური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება. 

კახაბერ ნაკანი ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზეა დაკავებული. მან გუშინ თვითმკვლელობა სცადა.

კომენტარები