ბიძინა ივანიშვილის როლი

ივანიშვილი: იშვიათად თუ დამირეკავენ მინისტრები და რჩევას მკითხავენ - ნორმალურია

არასდროს მითქვამს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად მირეკავდა. იშვიათად მირეკავს. ის, რასაც ამბობენ, რა თქმა უნდა, არის გადაჭარბებული. კიდევ ერთჯერ გავაკეთებ განმარტებას - მრავალჯერ ვთქვი და კიდევ განვმარტავ. არ ვმართავ კულისებიდან, მთავრობას მართავს მთავრობის მეთაური. მინისტრები ასრულებენ თავის ფუნქციებს. ძალიან იშვიათად თუ დამირეკავენ და რჩევას მკითხავენ. ეს ნორმალურია, მთელს მსოფლიოში ხდება ეს. მეორე - მე მათი მართვის არავითარი ბერკეტი არ მაქვს. არავინაა ჩემი ნათესავი. არავისთან ვმეგობრობდი, ვინც დღეს მთავრობაში არიან. შესაბამისად, სიცრუეა, რასაც ავრცელებენ. და მესამე - მე მაქვს საზოგადოებაში დიდი ნდობა და ძალიან კარგად იციან ჩემი პრინციპული პოზიცია - ყველასგან მოვითხოვ კანონის დაცვას, როგორც მოქალაქე დღეს. მე ხმას ამოვიღებ და ჩემს ხმას ძალა ექნება. აქედან გამომდინარე, მემგონი, რომ ამას დიდ ანგარიშს უწევენ. მისგან, ვინც არღვევს კანონს ან კანონის დარღვევის სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, ჩემზე აგრესია მოდის. იმიტომ, რომ ხიფათს წარმოვადგენ მათთვის და შეიძლება, ხმა ამოვიღო. კიდევ ერთს დავამატებდი, ხიფათს წარმოვადგენ იმ მხრივ, რომ არ გავჩერდები, თუ ვინმემ კანონი დაარღვია. მათ რიცხვში ჩემგან დატოვებულმა მინისტრებმაც რომ დაარღვიონ. და მაინც, დაჟინებით იმეორებენ ყველა ჩემი განმარტების შემდგომ, რომ "ივანიშვილი მართავს კულისებიდან და მთავარი მმართველია" - ასე რომ ეჭვიანობენ, რამე პირადული ნახეს, რომ საჩემოდ რამეს ვაკეთებ? მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც დღეს აკმაყოფილებს ილიას სიტყვებს, რომ პირადულზე წინ საერთო საქვეყნო ინტერესები უნდა წამოწიო. ხშირად გამიმეორებია ციტატაც - "ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე უნდა გავიაზროთ, რომ ნაწილები ვართ ერისა და საკუთარი წარმატება უნდა ვეძებოთ მთელი ერის წარმატებაში და არა ცალკე." მე გახლავართ ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამ წესებს იცავს. რისთვის შფოთავენ - თუ ჩემი ინტერესები საერთო საზოგადოების ინტერესებს ემთხვევა. რა აშფოთებთ, მე თუ ვმართავ და რამეს ვაკეთებ, აუცილებლად მთელი საზოგადოების ინტერესებს ვიცავ.

ექსპრემიერი და გადაცემა 2030-ის წამყვანი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესცენტრთან.

კომენტარები